საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ქართული ოცნების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს პასუხობენ. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო მმართველი პარტიის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს და ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას, საბჭოში კანდიდატის წარდგენის გაჭიანურებით, მიზანმიმართულად აფერხებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე აკეთებენ აქცენტს.

„საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე. მიიჩნევდა რომ მისი პროფესიონალიზმი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა. რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.