დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა, არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იმ სამ საკითხს შორის, რომელზედაც 27 ქვეყნის პირველი პირები იმსჯელებენ.
„ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზასაც განვიხილავთ“, - წერია შარლ მიშელის წერილში.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ივნისის თვეში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.