რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.
„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუსულ გამოცემა TASS-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად დააპატიმრეს. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს და ის კანონიერ ძალაში შევიდა. ბრალდებულთან დაკავშირებით შსს-ს ძებნის ბარათში მითითებულია, რომ ის სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული.
წყარო: ინტერპრესნიუსი