საქართველოში არსებულ ვითარებას და საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტს საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
"საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას." - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში აქციის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებას ეხმიანება და წერს, რომ დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით.
"დანია შეშფოთებულია საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით. მათი დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს," - წერია განცხადებაში.
წყარო: მთავარი არხი
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.