სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონაში შემავალმა ავტომობილებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, 43-ჯერ დაარღვიეს საავტომობილო მოძრაობის წესები. ვიდეოჯარიმების მოცულობა, სულ მცირე, 7450 ლარს შეადგენს.

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და რომელზეც ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77 და O777OC77.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ამ ოთხი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.

ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge