ამ კანონთან დაკავშირებით, არმაგედონი დასახეს, თითქოს ეს იქნებოდა ყველაფრის დასასრული - ეს კანონი მოქმედებს, კვლავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თუ სოფელში ვიღვიძებთ და ეს ქვეყანა გეოგრაფიულად არსად გადაადგილებულა - არაფერი ხდება და საქმიანობა ჩვეულებრივ მიდის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ამ კანონთან დაკავშირებით ბევრი სალაპარაკო არაფერია, თუმცა, „ქართული ოცნება“ დისკუსიისთვის დღესაც მზადაა.
„არათუ მზად ვართ [დისკუსიისთვის], ეს ჩვენი იდეა იყო ყოველთვის. დღესაც მზად ვართ, ყველასთან, ნებისმიერ ადამიანთან განვიხილოთ ამ კანონის ყველა დებულება. ამ კანონთან დაკავშირებით, არმაგედონი დასახეს, თითქოს ეს იქნებოდა ყველაფრის დასასრული, ამ ქვეყანაში აღარ დარჩებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია. სერვისები შეეზღუდებოდა ამა თუ იმ ჯგუფებს. გავიდა უკვე რამდენიმე თვე, რაც ეს კანონი ამოქმედდა. დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ რეესტრში. სულ 100 ორგანიზაციაა, ვინც უარს ამბობს. აგრძელებენ საქმიანობას. არაფერი ხდება ამ ქვეყანაში განსაკუთრებული. ყველა ის ჯგუფი, ვინც ამა თუ იმ სერვისს იღებდა, იღებს და მიიღებს კიდეც. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არავის, არცერთ ჯგუფს, სხვადასხვა საზოგადოებრივ, მოწყვლად ჯგუფს, არცერთ სერვისთან დაკავშირებით რაიმე წვდომა არ შეეზღუდოს, ამის პირობას დებს სახელმწიფო. [...]ორი განზომილებაა - ეს კანონი მოქმედებს. კვლავ, ყოველ დღე ვიღვიძებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თუ სოფელში, ეს ქვეყანა გეოგრაფიულად არსად გადაადგილებულა, მიუხედავად იმ სამარცხვინო ნარატივისა, რასაც ქალბატონი სალომე დღეგამოშვებით უცხოური მედიის საშუალებით აკეთებს, ქართველ ხალხს რუსობას აბრალებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, არაფერი ხდება და საქმიანობა ჩვეულებრივი მიდის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების. მეორე - თუ რაიმე სამართლებრივ შეუთავსებლობა აქვს ამ კანონს საქართველოს კონსტიტუციასთან ან ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ერთგანაც, საკონსტიტუციო სასამართლოშიც არის განხილვაში და მეორეგანაც, სტრასბურგშიც არის განხილვაში. აგერ სასამართლო, აგერ მხარეები და საბოლოოდ, გაირკვევა, რა შეესაბამება ადამიანის უფლების სტანდარტებს და რა - არა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.