პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უსისტემო ცვლილების შეზღუდვას გულისხმობს.
წინადადების ავტორების თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი, რომლის გამოყენებითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქე/საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შემდეგ კი ამ მიწებს დანიშნულებას არასასოფლოდ უცვლიან და ყიდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
საინიციატივო ჯგუფის მტკიცებით, 2022 წელს ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია 2018 წლიდან მოყოლებული რამდენი ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას შეეცვალა დანიშნულება. წინადადების ავტორთა ცნობით, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლიდან 2022 წლის ნოემბრამდე პერიოდში 4 683 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეეცვალა სტატუსი და გადავიდა არასასოფლო კატეგორიაში.
იმის შესახებ, რომ უცხოელები აკრძალვის მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო მიწებს მაინც აქტიურად ყიდულობდნენ, ცოტა ხნის წინ „ბათუმელებიც“ წერდა. გამოცემამ გაარკვია ის სქემა თუ როგორ ახერხებდნენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები მიწების შეძენას აჭარაში.
სქემა შემდეგია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მიწას უცვლის დანიშნულებას, რისთვისაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს, თუმცა ევალება ცვლილების აუცილებლობაც დაასაბუთოს. საჯარო რეესტრი განიხილავს განცხადებას და წყვეტს, მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალოს თუ არა.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში რეესტრი მიწას არეგისტრირებს უკვე როგორც არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს. ამის შემდეგ კი, არასასოფლო მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეზეც, თავისუფლადაა შესაძლებელი.