აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაციებია.
„აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები. დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში. ეს ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვის და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. რატომ - იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე.
აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში.
ეს სპეკულაციები, რომ ეკონიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.