2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავრობის სწორი პოლიტიკით ხსნის. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, შემოსავლები 5.0%-ით გაიზარდა და მეორე კვარტალის რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
„მეორე კვარტალის რეკორდული შემოსავლები ნიშნავს, ჩვენი პროგნოზი და მოლოდინი გამართლდა - ტურიზმის სექტორი წელსაც ინარჩუნებს ზრდის დინამიკას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია, ბოლო სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ განვითარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და წარმატებულია, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის და მარკეტინგული კამპანიების წარმოების კუთხით, რაც მთლიანად 2025 წლის იანვარ-ივნისში მიღებული შემოსავლების ზრდაში აისახა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
2025 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.