პირადობის მოწმობები და პასპორტები პირველი აგვისტოდან ახალი ვიზუალით გაიცემა. რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი. დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ 10 მარტს მიიღო.
ახალი დიზაინის თანახმად, პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს, გვარს, სქესს, მოქალაქეობას, დაბადების თარიღს და ადგილს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირადი ხელმოწერის ნიმუშს, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, მოწმობის გაცემის თარიღს, მოწმობის მოქმედების ვადას. სიახლეა QR კოდი და მფლობელის თითის ანაბეჭდი, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
მფლობელის: სახელს, გვარს, მოქალაქეობას, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, სქესს, დაბადების ადგილს, პირადი ხელმოწერის ნიმუშს, გაცემის თარიღს, მოქმედების ვადას, გამცემი ორგანოს დასახელებას, დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას, ქვეყნის კოდს, დოკუმენტის ნომერს, დოკუმენტის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number).
ცვლილება თავდაპირველად, 4 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაეხანგრძლივებინა. რაც შეეხება ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ შესაბამის დოკუმენტებს, ისინი იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.