შინაური ცხოველების პატრონთა ნაწილი თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტზე საუბრობს. ოთხფეხა მეგობრის ერთ-ერთმა მფლობელმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, სადაც აღნიშნა, რომ თბილისში რამდენიმე ვეტ-კლინიკაში ძაღლის ასაცრელად იმყოფებოდა, თუმცა ვაქცინაცია ვერ შეძლო. მისი განცხადებით, კლინიკებში განმარტეს, რომ ვაქცინა დეფიციტშია.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა აქვთ თუ არა ცოფის ვაქცინებზე დეფიციტი ვეტ-კლინიკებს? ჩვენ თბილისის რამდენიმე კლინიკას დავუკავშირდით. ,, ვეტ-ექსპრეს“-ში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ მათ სადისტრიბუციო კომპანია მედიკამენტს სისტემატურად აწვდის.
,,არ არის დეფიციტი. დისტრიბუცია სისტემატურად გვაწვდის და დანაკლისს არ განვიცდით. 40 ლარი ღირს აცრა. ზაფხულის პერიოდში მეტია მოთხოვნა, რადგან გადიან ქალაქიდან ცდილობენ ვაქცინაცია ჩაუტარონ შინაურ ცხოველებს.“- განაცხადეს ,,ვეტ-ექსპრეს“-ში.
ცოფის ვაქცინის მარაგები აქვთ ,,ვეტ ჰაუს“-შიც, სადაც შინაური ცხოველის აცრა 60 ლარი ღირს. ვაქცინების მარაგი აქვთ ,,პაატა ჩხეიძის ვეტერინარული კლინიკა ვეტ”-შიც.
,,მარაგში გვაქვს ბიოკანის ვაქცინა. ვაქცინა აქვს მომწოდებელს. სექტემბერში ელოდებიან ვანგარდის ფირმის ცოფის ვაქცინას“- განგვიცხადეს ,,პაატა ჩხეიძის ვეტერინარული კლინიკა ვეტ”-ში.
დეფიციტზე საუბრობენ ვეტ-კლინიკა ,,ზოოჰაუს“-ში. მათი თქმით, რაოდენობა შეზღუდულია კონკრეტულ ვაქცინებზე. თუმცა მათთვის უცნობია, რატომ ვერ შეძლო სადისტრიბუციო კომპანიამ მედიკამენტის მიწოდება.
,,დეფიციტში არის რიგი ვაქცინები. ახლა ადგილზე გვაქვს მხოლოდ ბიოკანის ცოფის ვაქცინა. სხვა არც ერთი არის ხელმისაწვდომი. შეიძლება რომელიღაც კლინიკაში ჰქონდეთ მაგარი, თუმცა ჩვენს კლინიკაში მარაგი არ არის ბიოკანის გარდა სხვა ვაქცინის. ერთი კვირაა შეინიშნება დეფიციტი. თვის ბოლოს შემოვა, ზუსტად გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოვა. რატომ შეფერხდა მოწოდება არ ვიცით.“- აცხადებენ ვეტ-კლინიკა ,,ზოოჰაუს“-ში.