2026 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მთავრობა 2021 წელს გამოშვებულ ევრობონდს დაფარავს, შესაბამისად, მის რეფინანსირებას მოახდენს. უკვე დაკომპლექტებულია სპეციალური კომისია, რომელშიც შედიან ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში მონაწილეობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს JPMorgan-თან, Citi ბანკთან, Barclays-თან, Goldman Sachs-თან, HSBC-თან და სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან. ასევე, მოლაპარაკებები გაიმართება Galt & Taggart-თან და TBC Capital-თან.
საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაცია, რომლის რეფინანსირებაც მომდევნო წელს უნდა მოხდეს 2021 წელს გამოუშვა. ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 2.75% იყო, შესაბამისად საქართველო მის მომსახურებაზე ყოველწლიურად მთლიანი თანხის 2.75%-ს ხარჯავდა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2024 წელს ევრობონდის განაკვეთის მომსახურება ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა.
2025 წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2021 წლისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. 2022-2023 წლებში მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა რაც დასავლეთში მნიშვნელოვან ინფლაციურ ტალღას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში კრედიტის მოზიდვა გაძვირდა.