ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ბლოკში თავშესაფრის მოთხოვნით 265,250 განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 29.4%-ით მეტია.

როგორც სააგენტო წერს, მხოლოდ მარტში ევროკავშირმა 92,000-მდე განაცხადი მიიღო. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ კი ამ დონეს 2015-2016 წლების ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ მხოლოდ ოთხჯერ გადააჭარბა და ოთხივე შემთხვევა ბოლო ექვს თვეში დაფიქსირდა. ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად იზრდება.

მიმდინარე წლის მარტში ევროგაერთიანებაში ყველაზე მეტი განაცხადი სირიიდან და ავღანეთიდან შევიდა, ნახევარზე მეტი კი გერმანიაში.

ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. კერძოდ, იანვარ-მარტში ევროკავშირში 7,372 განაცხადი შევიდა საქართველოდან, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 5,780-ს, თითქმის 28%-ით აღემატება.

მხოლოდ მარტში საქართველოს მოქალაქეების განაცხადების 38% გერმანიაზე, 29% საფრანგეთზე, ხოლო 13% იტალიაზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ლტოლვილის სტატუსზე საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებათაგან სამივე თვეში მხოლოდ 2% დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე ევროკავშირში სულ 29,000 განაცხადი შევიდა, რაც მინიმუმ 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია და 2021 წელს დაფიქსირებულ რაოდენობაზე 94%-ით მეტია.

EU-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების ბოლო წლების სტატისტიკა შემდეგნაირია:

2016 წელი - 8,775;

2017წელი - 12,060;

2018 წელი - 20,950;

2019 წელი - 22,765;

2020 წელი - 8,905;

2021 წელი - 14,970;

2022 წელი - 29,000.

სწორედ გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და არალეგალური აქტივობების აღმოფხვრის მიზნით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტთან და ევროსაბჭოსთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.