"ახლა შეხვდებით ამ ბავშვების გაბრაზებულ მშობლებს, ჟურნალისტების გაბრაზებულ მშობლებს, იმ გაბრაზებულ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რითიც თქვენ ამაყობდით. ან წარსული გახსოვთ და სხვის შეცდომებზე სწავლობთ, ან — ვერა!" - ფერმერთა ასოციაციის დირექტორი ნინო ზამბახიძე ხელისუფლებას მიმართავს.
მისი თქმით, ახლა "ოცნება" ხალხს იმის გამო სჯის, რითაც თავს ცოტა ხნის წინ თავად იწონებდა
"2012 წლიდან არ ამაყობდით იმით, რომ სწორედ თქვენ მიაღებინეთ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპული მომავლის პერსპექტივა? თქვენ არ გვეუბნებოდით, ბატონო, რომ ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება იყო? თქვენ არ ამბობდით, რომ სიტყვის თავისუფლება, მშვიდობა და ღირსება თქვენი მონაპოვარი იყო? არ ამბობდით, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც ამ თავისუფლებაში გაიზარდნენ და ნათელი მომავალი გაიაზრეს, თქვენი დამსახურება იყო? თუ ეს ასე იყო, დღეს რატომ გიკვირთ, რომ ამ პერსპექტივას აპროტესტებენ, როცა თავად ხელს უშლით მას? ამის გამო ძალადობთ? ამის გამო სჯით? ახლა შეხვდებით ამ ბავშვების გაბრაზებულ მშობლებს, ჟურნალისტების გაბრაზებულ მშობლებს, იმ გაბრაზებულ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რითიც თქვენ ამაყობდით. ან წარსული გახსოვთ და სხვის შეცდომებზე სწავლობთ, ან — ვერა!" - წერს ნინო ზამბახიძე.
ზამბახიძე სოციალურ ქსელში 29 ნოემბრის აქციას ასე ასათაურებს: "ევროპისთვის დასჯილი თაობა!"
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.