"ევროპისთვის დასჯილი თაობა!" - ასე ეხმიანება ფერმერთა ასოციაციის დირექტორი ნინო ზამბახიძე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში. როგორც მის პოსტში ვკითხულობთ, "ვისაც წარსული არ ახსოვს მომავალი არ აქვს!"
"მტერს არ დაასისხლიანებ ასე ალბათ შეგეცოდება ! რას უკეთებენ ახალგაზრდებს როგორ იმეტებენ!" - წერს ზამბახიძე. მისივე შეფასებით, ქართულმა ოცნებამ რუსთაველზე რუსთა-ველი მოაწყო.
"რად ღირს ეს ყველაფერი რად? საკუთარ ხალზე ასეთი თავდასხმა, ასე გასწორება რას ემსახურება? რისთვის ისჯება ხალხი, რომ ევროპა უნდა? რუსთა-ველი მოაწყვეს შავ-პარასკევს!" - წერს ფერმერთა ასოციაციის დირექტორი.
ზამბახიძის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მომავალი ხალხის ნებით უნდა აღდგეს და განვითარდეს.
"ევროპული მომავალი არა მხოლოდ ჩვენი არჩევანია, არამედ პასუხისმგებლობაც, რომელიც მოითხოვს ერთიანობას, სიმტკიცეს და შეუპოვრობას. ევროპა ნიშნავს თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და თანასწორობას – ეს არის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ხალხს გენეტიკურად ახლავს. მათი დაცვა და განუხრელი განვითარება ჩვენი ეროვნული ვალია!" - წერს სოციალურ ქსელში ნინო ზამბახიძე.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.