18-20 ოქტომბერს, თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (GBMTA)“, „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (EHA) და „სომხეთის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (AHA) ორგანიზებით ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial გაიმართა.

სამდღიან საერთაშორისო კონგრესს სასწავლო ფორმატი ჰქონდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ჰემატოლოგებმა და ექსპერტებმა ჰემატოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიება, პრეზენტაციებთან ერთად, ინტერაქციულ ლექციებსა და რეალური პაციენტების გამორჩეული და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების განხილვას მოიცავდა.

კონგრესი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტმა“, თამარ კვაჭაძემ გახსნა.

როგორც თამარ კვაჭაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში საერთაშორისო სასწავლო კონგრესი „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ ეგიდით პირველად ჩატარდა.

„კონგრესის მასპინძელი „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია (GBMTA)“ იყო სომეხ კოლეგებთან ერთად. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, თბილისში, ონკო-ჰემატოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial პირველი საერთაშორისო კონგრესია, რომელიც აკრედიტებულია ჰემატოლოგიის აკრედიტაციის ევროპული საბჭოს, CME-ის მიერ. „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია“ „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციამ“ ჩვენი ქვეყანა მიიღო, როგორც თანაბარი წევრი.

კონგრესის ფარგლებში, ევროპიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ლექციები, ქართველმა და სომეხმა ონკო-ჰემატოლოგებმა კი საკუთარი გამოცდილების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას. მონაწილეებს შორის ქართველ და სომეხ ექიმებთან ერთად ასევე იყვნენ ჩამოსული სტუმრები ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნა თამარ კვაჭაძემ.

მისი თქმით, სამდღიანი საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ჰემატოლოგიის ახალი ასპექტების და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების შესახებ დამსწრე აუდიტორიას საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარეს.

„EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial-მა ჰემატოლოგები, ბიოსამედიცინო მეცნიერები, ექთნები და ლაბორატორიის სპეციალისტები გააერთიანა და შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გაეღრმავებინათ ცოდნა და გამოცდილება დროული დიაგნოსტიკისა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მართვის შესახებ“, - აღნიშნა თამარ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ორგანიზებითა და სპონსორობით, ,,ეგის ფარმაცევტიკალსის’’ საქართველოს წარმომადგენლობის, ფარმაცევტული კომპანია ,,ზანდრას’’ საქართველოს წარმომადგენლობისა და ,,როშ ჯორჯიას’’ სპონსორობით.