გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს, IBS) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფუნქციური დარღვევაა, რომელიც მუცლის ტკივილით, შებერილობითა და ნაწლავების მოქმედების ცვლილებით - დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით - ვლინდება.

სწორედ სტრუქტურული ცვლილებების არარსებობის გამო ითვლება გნს ფუნქციურ დარღვევად და არა ორგანულ დაავადებად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის” თერაპევტ-გასტროენტეროლოგს, მედიცინის დოქტორს  ნინო ბაჩიაშვილის მივმართეთ.

“კომერსანტთან” ჩაწერილ ინტერვიუს კი უცვლელი ფორმით გთავაზობთ:

 

რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და რატომ ითვლება ის ფუნქციურ  დარღვევად?

 

- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს , IBS) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს  მუცლის ტკივილი, შებერილობა და ნაწლავების მოქმედების  (პერისტალტიკის ) დარღვევა (დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით).

- რომის მე-4 კონსესუსის კრიტერიუმების მიხედვით ზემოაღნიშნული სიმპტომები მეორდება მინიმუმ 1 ჯერ კვირაში და გრძელდება 3 თვეზე მეტხანს და ამასთანავე  ნაწლავის ორგანული ცვლილების (ანთება, წყლული ან სიმსივნური წარმონაქმნი) გამოვლინება არ ხდება.

 

რითი განსხვავდება ის სხვა ნაწლავური დაავადებებისგან?

  • გნს-ს ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია :
  • განავალში, ე.წ. „განგაშის სიგნალების“ არარსებობა - სისხლის კვალი, წონის დაკლება, ცხელება.
  • სიმპტომები ხშირად დაკავშირებულია სტრესთან. ქრონიკული ტკივილი და ნაწლავების მოძრაობის დარღვევები ნარჩუნდება.
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებებისგან ( IBD - წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) ან სიმსივნეებისგან განსხვავებით, გნს-ის დროს კოლონოსკოპია და სისხლის ანალიზები არ აჩვენებს ანთებას, ეროზიებს, წყლულებს ან სტრუქტურულ ცვლილებებს ნაწლავის ქსოვილებში.

 

 რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს?

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღესაც ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე ფაქტორი ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას.

  • პირველ რიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფსიქონევროლოგიურ ფაქტორებს: სტრესი, შფოთვა და დეპრესია, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რაც შემდგომში იწვევს ნაწლავის სპაზმებს. ასევე ძილის დარღვევები და ნევროზული მდგომარეობები რამდენჯერმე ზრდის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების რისკს.

 

  • წარსულში არსებული ნაწლავური ინფექციები: ვირუსები და ბაქტერიები აზიანებენ ნაწლავის ნერვულ წნულს, რაც იწვევს ხანგრძლივ ჰიპერმგრძნობელობას (მაგ., ჭარბი აირებისგან გადაბერილი ნაწლავის კედელი გადაიჭიმება და პაციენტი ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს ამას).

 

  • ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება: არღვევს მიკრობიოტას ბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისბიოზი და ნაწლავის ფუნქციური დარღვევები.

  • არაჯანსაღი კვება: მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა იწვევს ნაწლავში დუღილს და შებერილობას. ცხარე და ცხიმიანი საკვები, ყავა და ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არღვევს მის რიტმს.

 

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ოჯახური ისტორია ზრდის მისი განვითარების რისკს. ფუნქციური კუჭ-ნაწლავის დარღვევების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში სიმპტომები შეიძლება უფრო ადრე გამოვლინდეს და უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.

 

  • სქესი და ასაკი: ქალებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით 1.5-დან 3-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება , ვიდრე მამაკაცებში. ეს დაკავშირებულია ქალის სასქესო ჰორმონების გავლენასთან კუჭ-ნაწლავის მოძრაობასა და ტკივილის მგრძნობელობაზე. ყველაზე ხშირად ვლინდება 25-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, დაავადება ასევე გვხვდება მოზარდებსა და ხანდაზმულებში.

 

  • მჯდომარე ცხოვრების წესი: ფიზიკური უმოქმედობა არღვევს პერისტალტიკას, იწვევს აირების დაგროვებასა და შეკრულობას , ასევე და სისხლის მიმოქცევის შენელებას მცირე მენჯში.

 

  • გასათვალისწინებელია ასევე თანმხლები დაავადებების არსებობა : ფიბრომიალგია, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და აუტოიმუნური პათოლოგიები (ცელიაკია), რომლებიც ზოგჯერ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) სახით შენიღბულია.

 

როგორია IBS-ის სიმპტომები?

  • გნს გამოვლინდება უპირველესად მუცლის შებერილობით, ტკივილით მუცლის მიდამოში და ნაწლავის მოქმედების ანუ პერისტალტიკის დარღვევებით, კერძოდ, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობით. ზოგჯერ განავლოვან მასებში შერეულია ლორწო, ან მასებს აქვს მკვრივი დანაწევრებული ფორმა, ასევე შესაძლებელია არაფორმირებული ფაფისებური მასების არსებობა.

რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინთან და ნერვულ სისტემასთან - რატომ ეძახიან IBS-ს ხშირად „ნაწლავისა და ტვინის ურთიერთქმედების დარღვევას“? მის მართვაში მნიშვნელოვანია თუ არა ფსიქოთერაპიაც?

 

 - საინტერესო შეკითხვაა.  მინდა მოგახსენოთ , რომ საუკუნეზე მეტია რაც მეცნიერებმა შეისწავლეს სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და აღმოაჩინეს კავშირი ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის. კერძოდ,  ტვინიდან სხეულზე, მათ შორის ნაწლავებზე ბრძანებები გადაეცემა ავტონომიური ნერვული სისტემის ნერვული გზებით და სისხლის მიმოქცევის ჰუმორული სისტემებით. ორივე ეს საკომუნიკაციო არხი აქტიურდება სტრესის დროს და გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე.  ნაწლავის მიკრობიოტაზე ძლერი ანტიბიოტიკების ზემოქმედებისას ვითარდება მიკრობიოტას წონასწორობის დარღვევა , წარმოიქმნება ჭარბი აირები, ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც ზემოქმედებენ ნაწლავის კედელზე და შედეგად ვითარდება ე.წ. „სტრესული რეაქცია“.

 - გნს მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას.  გასტროენტეროლოგებთან ერთად  ფსიქოთერაპევტებისა და ნევროლოგების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რაც მოიცავს კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის კურსების ჩატარებას, ასევე რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებას,  ანტირდეპრესანტებისა და სხვა სპეციალური მედიკამენტების დანიშვნას.

 

რამდენად დიდ როლს თამაშობს სტრესი და ემოციური მდგომარეობა IBS-ის განვითარებასა და სიმპტომების გამწვავებაში?

  • როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სტრესი, ფსიქოემოციური გადაძაბვა ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს ნაწლავის ფუნქციონირებაზე. ეს დაკავშირებულია თავის ტვინიდან პირდაპირი კავშირებით მიმართულ ინფორმაციის გადაცემაზე ნაწლავის ლორწოვანის ნერვული დაბოლოებებისკენ, რაც იწვევს ნაწლავის კედლის გახანგრძლივებულ შეკუმშვებს და გამოვლინდება სპაზმური მოვლითი ხასიათის ტკივილებით მუცლის მიდამოში.

 

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

  • პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, იყენებენ სიმპტომურ საშუალებებს (სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტები) , რასაც ნაწილობრივ შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა გნს-ის სიმპტომების გახანგრძლივება, კერძოდ კვირაში 1-2 ჯერ მუცლის ტკივილისა და შებერილობის არსებობა, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში არ მცირდება და სიმპტომური საშუალებების ფონზე არ უმჯობესდება მდგომარეობა, საწიროა მიმართოს გასტროენტეროლოგს, რათა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები, დაზუსტდეს დიაგნოზი და დაინიშნოს ადექვატური მკურნალობის სქემა.

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება? მკურნალობა?

  • პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პაციენტის გამოკითხვას, ანამნეზის ანუ დაავადების ისტორიის დეტალურ შესწავლას, რაც გვაძლევს ინფორმაციას , გამოვავლინოთ კავშირი სტრესულ სიტუაციებთან, ასევე გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, დავადგინოთ თანმხლები დაავადებების არსებობა და მიმდინარე რეჟიმში რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი. ასევე რა ტიპისაა მუცლის ტკივილები, კვებასთან კავშირი, დეფეკაციის სიხშირე , ფეკალური მასების კონსისტენცია და ა.შ.

 

  • შემდგომ გადავდივართ დიაგნოსტიკურ კვლევებზე, რაც მოიცავს ლაბორატორიული კვლევების გარკვეულ ჯგუფს, ასევე მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიას, კოლონოსკოპიას მიზნობრივი ბიოფსიებითა და მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლით, ასევე საჭიროა გამოირიცხოს ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ცელიაკია.

 

  • მკურნალობა მოიცავს ფაღართის ან შეკრულობის კორექციას შესაბამისი მედიკამენტებით, ასევე სპაზმოლიზური საშუალელების ჩართვას, ადსორბენტებს, პრობიოტიკებს, ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეპტიკურ საშუალებებს.

 

რა როლი აქვს მის მართვაში ცხოვრების წესსა და კვებას? კონკრეტულად რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან პაციენტენმა? დაშვებულია თუ არა ალკოჰოლი, კოფეინი, გაზიანი...

  • გნს-ის მართვაში უდიდესი როლი ენიჭება კვების რეჟიმის დაცვას, წილადურ კვებას, პროდუქტებში ჭარბი ნახშირწყლების შეზღუდვას , სითხეების მიღებას, ღამის საათებში კვების აკრძალვას. ასევე მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების შეზღუდვა, რომლების გნს-ის გამოწვევაში ერთერთ მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორებს წარმოადგენენ.

 

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული პათოლოგიაა?

  • დიახ, გნს არის ქრონიკული დაავადება, უფრო ზუსტად, სიმპტომების კომპლექსი, რომელიც თავს იჩენს სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებისას ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს ტკივილის აღმოცენებას მუცლის მიდამოში, ზოგჯერ ფსიქოემოციურ დარღვევევბსაც.

 

არსებობს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა ამ სინდრომის მიმართ?

  • დღეს მეცნიერები საუბრობენ გნს-ის არა მარტო ადამიანის ანატომიურ და ბიოფსიქოსოციალურ ეტიოლოგიაზე, ასევე ნაწლავ-ტვინის ორივე მიმართულებით კავშირების დარღვევებზე, არამედ გენეტიკურ და ეპიგენეტიკურ წინასწარგანწყობაზეც.

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს (IBS) აქვს მემკვიდრეობითი კომპონენტი, სადაც გენეტიკური წინასწარგანწყობა (60-ზე მეტი კანდიდატი გენი) ურთიერთქმედებს გარემო ფაქტორებთან. მთავარ როლს ასრულებენ სეროტონინის მეტაბოლიზმის მარეგულირებელი გენები (მაგალითად, SLC6A4), იმუნური პასუხის გენები(TNFSF15) და ნერვული სისტემის ფუნქციონირება. მემკვიდრეობითობა ზრდის რისკს, მაგრამ ხშირად გნს-ის განვითარებისთვის საჭიროა ისეთ გამომწვევი ფაქტორების არსებობა, როგორიცაა სტრესი, ინფექცია ან დიეტა.