12 მაისს მსოფლიოში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით საექთნო საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად იქნა აღიარებული, რომელიც ცალკე სერტიფიცირებას დაექვემდებარა. რითაც კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობა.

ექთნების როლი მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა, როცა მათ დიდი რისკის ფასად, 24-საათიან რეჟიმში უწევდათ პაციენტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა და უკან არ დაუხევიათ. „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ ბურდული ამბობს, რომ „სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვისაც შიშველი ხელებით მოუწიათ ჯერ კიდევ უცნობ დაავადებასთან ბრძოლა და დაავადების გავრცელების, ლეტალობისა და დიდი შიშის ფაქტორის მიუხედავად, უკან არ დაუხევიათ და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას“.

„კომერსანტი“ მარიამ ბურდულს ექთნის პროფესიის მნიშვნელობაზე, როლზე და გამოწვევებზე ესაუბრა.

რა არის ექთნის სამუშაოს მიზანი და რა ფუნქციები აქვს ექთანს?

მარიამ ბურდული, „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი: ექთნობა მრავალმხრივი და ყველასთვის საჭირო პროფესიაა. მისი მიზანია პაციენტის ჯანმრთელობაზე უსაფრთხო და ეფექტური ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, მისი დაავადებისგან განკურნების ხელშეწყობა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესებში ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება. ექთნის მიერ პროფესიონალურად შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები კი პაციენტის მკურნალობის ქვაკუთხედია.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ექთანს?

ექთანი პაციენტის მიმართ უნდა იყოს კომუნიკაბელური, პოზიტიური, ყურადღებიანი და გულისხმიერი. უნდა შეეძლოს მოიპოვოს მისი ნდობა და კეთილგანწყობა, რაც ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელების პროცესს.

რა განსაზღვრავს ექთნის პროფესიონალიზმს?

ექთნის პროფესიონალიზმი მისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებით განისაზღვრება.

ამ პროფესიის მთავარ ღირებულებებს სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, პაციენტის უფლებების, ავტონომიის, ღირსებისა და ღირებულებების  პატივისცემა, ეთიკური და სამართლიანი დამოკიდებულება წარმოადგენს.

რამდენად მნიშვნელოვანია ექთნის როლი კლინიკისთვის?

საექთნო სამსახური სამედიცინო დაწესებულებისათვის  ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენს წარმოადგენს. პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ექთანი ატარებს. აქედან გამომდინარე, პაციენტის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია ექთნის მიერ სწორად და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოზე. შესაბამისად, მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების ხარისხსა და გამოჯანმრთელებული პაციენტის კმაყოფილებას, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს.

პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა თქვენი პროფესიის მნიშვნელობა. რომ გაიხსენოთ, რა გამოწვევების წინაშე იყვნენ პანდემიის დროს ექთნები, რა როლი ჰქონდათ იმ მძიმე პერიოდში და  რა გაძლევდათ მუშაობის სტიმულს?

პანდემია ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ყველასთვის და განსაკუთრებით ექთნებისთვის. სწორედ ისინი იყვნენ პირველი ადამიანები, რომელთაც შიშველი ხელებით მოუწიათ ჯერ კიდევ უცნობ დაავადებასთან ბრძოლა. თუმცა, დაავადების გავრცელების, ლეტალობისა და, აქედან გამომდინარე, დიდი შიშის ფაქტორის მიუხედავად, უკან არასდროს დაუხევიათ და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე იყო ის სტიმული, რომელიც მომდევნო სამუშაო დღის შემართებითა და გაზრდილი მოტივაციით დაწყებაში გვეხმარებოდა.

რა გამოწვევები აქვს საექთნო პროფესიას?

ამჟამად ქვეყანაში ექთნების სამუშაო ძალის გადინება და პროფესიონალი კადრის  დეფიციტი გვაქვს. საექთნო პროფესიის წარმომადგენლებზე მოთხოვნა ძირითადად ევროპის ქვეყნებშია. რა თქმა უნდა, აუცილებელია, მათი შრომის შესაბამისი დაფასება.

მისასალმებელია სახელმწიფოს აქცენტი ამ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ როგორც ფინანსურ, ასევე სერტიფიცირებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების კუთხით, რადგან ექთნის შრომა ფასდაუდებელია და ამ პროფესიის პოპულარიზებისათვის კიდევ უფრო მეტია სამუშაო.

რამდენად მოქნილი და მისაღებია ექთნის სამუშაო რეჟიმი? არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ 2 ადგილას იმუშაონ?

საექთნო პერსონალი ძირითადად ცვლებშია დატვირთული და სამუშაო გრაფიკი მეტ-ნაკლებად მოქნილია, რაც საშუალებას აძლევს პერსონალს იმუშაოს სხვადასხვა ადგილას.

თქვენი აზრით, რა სჭირდებათ და რა აკლიათ დღეს ქართველ ექთნებს?

ვფიქრობ, ქართველ ექთნებს დღეს შესაბამისი დაფასება და პროფესიული წინსვლისთვის ხელშეწყობა სჭირდებათ.

რას უსურვებდით ქართველ ექთნებს? როგორ მიულოცავდით მათ პროფესიულ დღეს დღეს?

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო პერსონალს პროფესიონალიზმისა და  თავდაუზოგავი შრომისთვის, იმ სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელსაც თითოეული პაციენტის მიმართ იჩენენ.

პროფესიის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ ექთნების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ წინსვლასა და  წარმატებას პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ამჟამად 425 პროფესიონალი ექთანია დასაქმებული, 169 ახალგაზრდა კი ექთნის თანაშემწის (რეინჯერის) პოზიციაზე ეუფლება პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს. კლინიკაში საექთნო სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულადაა გამოყოფილი, სადაც მნიშვნელოვანი მენეჯერული ფუნქციებით უფროსი ექთნები ოპერირებენ. ამით ხაზგასმულია ექთნების როლი და მნიშვნელობა პაციენტისათვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესში.