აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელებაზე.

მედიის ცნობით, მან განაცხადა, რომ საავტომობილო გზა თითქმის 90%-ით დასრულებულია, ხოლო რკინიგზა დაახლოებით 70%-ით.

„ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სრულად უახლოეს მომავალში განხორციელდება. ჩვენ ვიცით და ძალიან გვიხარია, რომ ყარსი-ნახჭევანის რკინიგზის მშენებლობა თურქეთშიც დაიწყო. ამრიგად, ამ პროექტების კონვერგენცია და კოორდინირებული განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის. ეს იქნება შუა დერეფნის განშტოება. ჩვენს მიერ მშენებარე რკინიგზის ინფრასტრუქტურა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის გადასაზიდად არის გათვლილი.

თუმცა, ეს მაჩვენებელი მომავალში შეიძლება გაიზარდოს და, სავარაუდოდ, ასეც მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, 15 მილიონი ტონა გამტარუნარიანობის ახალი დერეფნის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა მან.