შესაძლოა, რეფერენტული ანუ ზედა ზღვრული ფასები, მედიკამენტების შემდეგ ბავშვთა კვების პროდუქციასა და აქსესუარებზეც ამოქმედდეს. ამის შესახებ  პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან პარლამენტში, კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე, მედიკამენტების ფასების გარდა, საუბარი შეეხო ბავშვთა კვებასა და მოვლის საშუალებებსაც. 
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ ამ საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ცდილობენ, ამ სეგმენტზე მინიმალური ფასნამატი დააწესონ.

„ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა. ჩვენ არ ვართ არცერთი ბავშვთა კვების იმპორტიორი. ჩვენ ბავშვთა კვების პროდუქციას მხოლოდ და მხოლოდ ვყიდით. პროდუქციას ვიღებთ რამდენიმე ათეული მომწოდებლისგან. მე ვნახე, რა მოგება რჩება კომპანიას ამ პროდუქციის გაყიდვიდან და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 8%. რაც შეეხება ბავშვთა აქსესუარებს და მოვლის საშუალებებს, გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი და ეს პოზიციები თავად შემოგვაქვს, თუმცა მთელი რიგი პროდუქცია ჩვენ შემოგვაქვს სხვადასხვა მომწოდებლისგან და მაქსიმალურად ვცდილობთ, მინიმალური ფასნამატით გავყიდოთ სეგმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენი ქსელი გამოირჩევა იმით,  რომ  ბავშვთა კვებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე მუდმივად გვაქვს ღრმა აქციები,“ - აღნიშნა ბურძენიძემ.


შეხვედრაზე მყოფმა, “ავერსი ფარმას” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მელანაშვილმა კი დააზუსტა, რომ საოპერაციო ხარჯების შემდეგ  ამ სეგმენტში კომპანია მინუსშიც გადის და ამიტომ მუშაობენ, რომ თავდ შემოტანონ ეს პროდუქცია, რათა უფრო იაფად გაყიდონ.


შოთა ბერეკაშვილმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ, რადგან, ბავშვთა კვების სფეროში არსებობს შუა რგოლი,  მიზანია, ფასწარმოქმნის ჯაჭვი დამოკლდეს, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს.


„ჩვენი მიზანია, ფასწარმოქმნის ჯაჭვი სწორად დავინახოთ და რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, შესაძლოა რეფერეტნტული ფასები აქაც დადგინდეს. არსებობს იმპორტიორი, რომელიც ამატებს თავის ფასნამატს, შემდეგ მოდის  ქსელში და ქსელიც ამატებს ფასნამატს.


თუ დამოკლდება ჯაჭვი, მით ნაკლებია ფასნამატი და უფრო საუკეთესო ფასს იღებს ჩვენი მომხმარებელი. ბავშვთა კვებისა და აქსესუარების ნაწილში ჩვენ მოგვიწევს მუშაობა, რომ მოვიფიქროთ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთის მხრივ მისაღები იყოს ბიზნესისთვის და, მეორეს მხრივ, საუკეთესო ფასი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

jandacva.ge