ბრიუსელის აეროპორტმა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ახალი, რვასართულიანი მრავალფუნქციური საპარკინგე ჰაბი გახსნა. 90,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ობიექტი 2,500-ზე მეტ ავტომობილზეა გათვლილი და მისი მთავარი დანიშნულება ავტომობილების გაქირავების სერვისების ერთ სივრცეში ცენტრალიზებაა. აქამდე აღნიშნული სერვისები აეროპორტის სხვადასხვა ტერიტორიაზე იყო გაბნეული, სიახლე კი მგზავრებს გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, რადგან ტერმინალი პარკინგიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი ასპექტებია: პარკინგზე უკვე დამონტაჟდა ელექტრომობილების 650 დამტენი წერტილი, ხოლო შენობის სახურავზე განთავსებული 6,000 კვადრატული მეტრი ფართობის მზის პანელები ყოველწლიურად 1,150 მეგავატ-საათამდე ენერგიას გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას გამოყენებული იქნა „ცირკულარული ეკონომიკის“ პრინციპები, რაც ძველი ნაგებობების დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების ხელახალ გამოყენებას გულისხმობდა.
ეს ინიციატივა ბრიუსელის აეროპორტის მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის, „Hub 3.0“-ის ნაწილია. გაქირავების სერვისების ახალ ლოკაციაზე გადატანით გამოთავისუფლებული სივრცე აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზის გაფართოებასა და მულტიმოდალური სატრანსპორტო კვანძის შექმნას მოხმარდება, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მატარებელს, ტრამვაის, ავტობუსს, ველოსიპედებსა და კერძო ტრანსპორტს. მომავალში ასევე იგეგმება სპეციალური საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც ახალ საპარკინგე ცენტრს პირდაპირ ტერმინალთან დააკავშირებს.