ახლო აღმოსავლეთის ფონზე ტურისტების ნაკადების შემცირებას ემატება ისიც, რომ პროდუქტების ფასები გაძვირებულია, გაიზარდა დენის ტარიფიც, რაც საერთო ჯამში, სასტუმროების სექტორზე უაღრესად ნეგატიურ გავლენას ახდენს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ სექტორმა 28 თებერვლის შემდეგ, როცა ირანში ომი დაიწყო, სექტორმა დიდი დარტყმა მიიღო.

„წარმოიდგინეთ, ფრენები სრულად შეწყვეტილია დუბაის მიმართულებიდან, ასევეა კატარი, ისრაელი ინდოეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტუმრების მთავარი ხუთეულის ფრენები აღარ არის. თან ეს მოხდა ფორსმაჟორულ რეჟიმში, როცა სტუმრებს წინასწარ ჰქონდათ თანხები ჩარიცხული. მაგალითად, გუდაურის სასტუმროები იძულებულები გახდნენ, მარტში ფული უკან დაებრუნებინათ. ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ისრაელია, საიდანაც სულ გვყავს სტუმრები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით გუდაურში, რომელსაც ბოლო 2 წელია, სწორედ ისრაელელი ტურისტები ავსებენ. თბილისის მასშტაბითაც საკმაოდ რთული მდგომარეობაა - ჯავშნების 35-45% გაუქმდა, მით უმეტეს, მარტი ისედაც არ არის მაღალი სეზონი დედაქალაქისთვის“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროების მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ მუდმივად ხდება ახალ-ახალი გადასახადების დაწესება.

„ყველას ჰგონია, რომ სასტუმრო არის ობიექტი, საიდანაც ფული ყველამ უნდა წაიღოს და ხდება ახალ-ახალი გადასახადების ეპიცენტრი, მუდმივად - თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ახალი რეგულაციები გვიწესდება. სწორედ ამ რეგულაციების გადახდა უწევთ სასტუმროებს, რაც არასწორია, განსაკუთრებით, არასეზონზე უჭირთ სასტუმროებს ნებისმიერი ახალი გადასახადის გადახდა. რა თქმა უნდა, დენის გაძვირება ძალიან დიდი დარტყმაა, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სექტორი საკმაოდ დიდ კრიზისს განიცდის, მოლოდინის რეჟიმშია და არ იცის, ხვალ რა იქნება. მაისის, ივნისის ჯავშნები შეიძლება ყოველ წუთში გაუქმდეს, ეს ეხება კვლავაც ისრაელს, დუბაის, კატარს. ამას ემატება ისიც, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ხარჯების ნაწილი, ფულის ინფლაცია არის ძალიან მაღალი, პროდუქტები გაძვირებულია, 1 კილო ბადრიჯნის ფასი 10 ლარს გადასცდა. როცა სტუმარი გყავს, ვერ ეტყვი, რომ ყველაფერი გაძვირდა და სასტუმრო უნდა გაგიძვირო იმ პირობებში, როცა მოთხოვნა არ გაქვს“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.