საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 69.19 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი გზის საფარისა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს. პროექტზე ასევე გათვალისწინებულია 3-წლიანი საგარანტიო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი ხარვეზები საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე კომპანიას ბოლო წლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპისა და სირთულის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მინიმუმ 80%-ს შეადგენს.
სატენდერო წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.