"შუა დერეფნის" საქართველოს მონაკვეთის განუვითარებლობის ერთ - ერთი მიზეზი ტრანსპორტის სფეროში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაა, - ამის შესახებ "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) იუწყება.
ორგანიზაციის მტკიცებით, როდესაც სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი გამაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნით ტვირთნაკადების კლებას, პირველ რიგში უნდა დასახელდეს - პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურაში არასაკმარისი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა.
"ტრანსპორტის სფეროში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ცვალებადი დინამიკით გამოირჩევა, კერძოდ მაქსიმუმი 607 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის 35 % 2015 წელს ფიქსირდება, შემდგომ ინვესტიციები მოცულობა კლებულობს და 2021 წელს ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროში პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ეს პერიოდში გაშვებულ შესაძლებლობად უნდა ჩაითვალოს.მომდევნო წლებში, ინვესტიცია გაიზარდა და წელიწადში მეტ ნაკლებად 80 – 150 მლნ დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა," - განმარტავს TCRC.
ისმის კითხვა, რეგიონის სატრანზიტო ქვეყნებთან მიმართებით როგორ თანაფარდობაშია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა? ამ კითხვას, რომ პასუხი გაეცეს, TCRC--მა შედარებისათვის შეარჩია რამდენიმე, სატრანზიტო ქვეყნის მაგალითი.
"ლატვია: 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 24.5 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 14 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 784 მილიონი ევრო ჩაიდო, (საქართველოზე 5 ჯერ მეტი).
ლიტვა: 2022 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 29.9 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 18 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 750 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 4.5 ჯერ მეტი).
ბულგარეთი: 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 32.7 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 20 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 762 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 5 ჯერ მეტი).
საგულისხმოა მოლდოვის მაგალითი, რადგან საქართველოს ხელისუფლება, შედარებისას მოლდოვას ყოველთვის იყენებს „დამაკნინებელი“ ფორმით. საქმე ისაა, რომ 2022 წელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის სახით 4.9 მილიარდი დოლარი შემოვიდა (საქართველოზე 2.5 ჯერ მეტი), ხოლო ტრანსპორტში განთავსებულმა ინვესტიციამ 167 მილიონი დოლარი შეადგინა," - განმარტავს "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) და ასკვნის, რომ ტრანსპორტის მიმართულებით „მწირი“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამო, დერეფნის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, წარმოჩინდება შუა დერეფნის „ბარიერულ“ მონაკვეთად.