თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდკინგსი“ გახდა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

27 აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. „ბილდკინგსის“ მიერ შეთავაზებული ფასი 11.65 მილიონი ლარია, რაც ტენდერის სავარაუდო ღირებულებას 1.62 მილიონი ლარით ჩამოუვარდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვეში უნდა დასრულდეს, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაც.

ტენდერის პირობებით, პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე ჯამში არანაკლებ 25 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები უნდა ჰქონდეს შესრულებული, დღგ-ის ჩათვლით. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს აშენებული მინიმუმ ერთი მსგავსი სირთულის შენობა-ნაგებობა, რომლის ღირებულებაც არანაკლებ 10 მილიონი ლარია, ან ორი ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება მინიმუმ 15 მილიონ ლარს შეადგენს.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილები ლაშა რუხაძეს (40%), ნელი კალაძეს (40%) და დავით კაპანაძეს (20%) ეკუთვნით.