თბილისში, სოფელ ტაბახმელაში 125 საცხოვრებელი სახლისგან შემდგარი უბნის მშენებლობა იგეგმება. ახალი უბნის მშენებლობას სააქციო საზოგადოება "დან დიურ პროექტი" ახორციელებს და ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.

წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, არეალის მთლიანი ფართობი 188,998 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე 125 ვილის პროექტის განვითარება იგეგმება.

მთლიანი ფართობიდან 63,881 კვადრატული მეტრი დაეთმობა ვილების განვითარებას, გზა 25,014 კვადრატულ მეტრს დაიკავებს, სარეკრეაციო სივრცე 49,720 კვადრატული მეტრის ფართობის იქნება, სატყეო ზონა კი 50,383 კვადრატული მეტრის.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, "დან დიურ პროექტი" 1999 წელს არის დაფუძნებული. მისი დირექტორია ბიზნესმენი დან ნახუმი რომელიც საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეა. ნახუმი ამასთან, კომპანიის 76%-ს ფლობს, 10% ეკუთვნის ისრაელის მოქალაქეს ისრაელ მეგედს, 9% ასევე ისრაელის მოქალაქეს რონით შალევს, 5% კი ასევე ისრაელის მოქალაქეს დავით ბერგს.

bm.ge