Safe Rout (Srout) უსაფრთხო მარშრუტისთვის საჭირო აპლიკაცია ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ანანო ფილფანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტარტაპი პირველ ეტაპზე საქართველოს ბაზარს მოიცავს, 2026 წლიდან კი  უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

"Srout აპლიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია მოგზაურებისთვის, მთამსვლელებისთვის თუ ტურისტებისთვის. სხვადასხვა ადამიანთან გვქონდა შეხვედრა, გავესაუბრეთ როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს კონტიგენტად მოიაზრებიან, ასევე ვესაუბრეთ იმ ადამიანებს ვინც გადაუდებელი დახმარების სამსახურში მუშაობენ და უშუალოდ ტესტირების პროცესში ჩვენ თავად ვართ ჩართული.

ბაზარზე დაინტერესება არის და ძირითადად, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბუნებაში დიდ დროს ატარებენ",- აცხადებს ანანო ფილფანი.

მისივე ინფორმაციით,  აპლიკაციით სარგებლობის ღირებულება ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის დაახლოებით, 3-15 დოლარი (ექვივალენტი ლარში) იქნება, ხოლო კომპანიებისთვის 30-100 დოლარამდე.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულია. Srout- მუშაობის პრინციპი კი შემდეგია: აპლიკაციაში მომხმარებელი ქმნის მარშრუტს, ნიშნავს გადაადგილების წერტილებს, წერს მის სახელწოდებას და იწვევს მეგობრებს. მარშრუტის დაგეგმვის შემდეგ მომხმარებელი უთითებს თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გააქტიურდეს ხმოვანი სასიგნალო სასწრაფო დახმარების შეტყობინება. Srout-ს აქვს 2-ეტაპიანი სასწრაფო დახმარების სისტემა: პირველი -  სიგნალის 5 წთ-ში არ გამორთვის შემთხვევაში ლოკაცია ეგზავნება ჯგუფის ყველა წევრს, თუ შემდეგ 10 წთ-ში არ გამოირთო სიგნალი ინფორმაცია ეგზავნება გადაუდებელ დახმარებას.

თუ მომხმარებელი ვერ მოძრაობს და საუბარი არ შეუძლია, ან რისკის ქვეშ არის, ლოკაცია ავტომატურად ციკლის დასრულების შემდეგ ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გაზიარდება გადაუდებელ დახმარებასთან და 24-48 სთ-ის ნაცვლად 15 წთ-ში იქნება გადარჩენის სამუშაოები დაწყებული. აპლიკაციის შემქმნელების ინფორმაციით, Srout-ი მინიმუმ 96-ჯერ ზრდის  სიცოცხლის გადარჩენის შანსს.

bp.ge