სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

როგორც მერმა აღნიშნა, არსებული მდგომარეობით, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.  

„სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, პროექტი გაკეთებულია. მიმდინარეობს ხარაჩოების მოწყობა, რის შემდეგაც უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დაიწყება. პრობლემა აქვს ტაძრის სახურავს, ასევე, დაზიანებულია სამრეკლოც. ყველაფერი მოწესრიგდება. ის გამოწვევები, რაც გვაქვს დღეს, რომ წყალი ჩამოდის და ფრესკებს აზიანებს, სრულად მოგვარდება. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს, ჩართულნი არიან საპატრიარქოს შესაბამისი წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები. სიონის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს. 

დღესვე მერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს საფლავს პატივი მიაგო. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.