შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

„დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს