საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება. ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში 16 000 ახალი მანქანა დარეგისტრირდა.
ავტომობილების მზარდი რაოდენობის ფონზე მატულობს მოთხოვნა პარკირებაზეც, თუმცა მიუხედავად ამისა არ ჩნდება შესაბამისი საპარკინგე სივრცეები, მიწისქვეშა თუ მიწისზედა ავტოსადგომები, რომელზეც მერია ბიზნესის დაინტერესებას 2018 წლიდან ცდილობდა, ჯამში საუბარი იყო 10 მიწისქვეშა საპარკინგე არეალის მოწყობაზე.
თბილისის ვიცე მერის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან ინტერესის ნაკლებობას, წლების განმავლობაში, პარკირების პოლიტიკის არ არსებობა განაპირობებდა. მისი თქმით, დღეს როცა ქალაქში ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა მოქმედებს და არასწორ პარკირებაზეც მიდგომა გამკაცრებულია, მერიას მოლოდინი აქვს, რომ კერძო სექტორი თანამშრომლობაზე ინტერესს გამოხატავს.
“ინტერესი არ იყო ბიზნესის მხრიდან. რამდენიმე წლის წინ, სანამ ჩვენ ამ პროცესს დავიწყებდით, საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო ქალაქში პარკირება. ეს პირდაპირ კონკურენტი იყო იმ ბიზნესისთვის, რომელსაც პარკირებისთვის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ანუ შემოსავალთან არის დაკავშირებული და შენ რომ ქალაქში ქაოსური პარკირებები გაქვს, იმისთვის არ არის მომგებიანი.
გამომდინარე აქედან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს პოლიტიკა გავამკაცრეთ ანუ, რაც ადგილები შევქმენით, ფასიანი გახდა და დღეს უკვე პარკირების ბაზარი აბსოლუტურად სხვაგვარად არის ადმინისტრირების კუთხითაც. ჩვენ ნამდვილად უკვე გვაქვს მოლოდინი, რომ ბიზნესისგანაც ასეთი ინტერესები გაჩნდეს,”-ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტების ნაწილს. ასმათ აბესაძის თქმით, იქამდე სანამ ავტომფლობელებს ქალაქში შესაძლებლობა ექნებათ პარკირების გადასახადს თავი აარიდონ და ავტომობილები გააჩერონ ისეთ ადგილებში, სადაც ის დაჯარიმებას არ ექვემდებარება, კერძო სექტორისთვის ეს ბიზნესი საინტერესო ვერ იქნება. მისი შეფასებით, კანონის აღსრულების ეფექტიანობა მხოლოდ ჯარიმების გაზრდაში არ გამოიხატება და შესაბამის ნაბიჯებს საჭიროებს.
“ტრადიციულად ჩვენთვის რთულია, მივიღოთ რომ პარკინგი ფასიანი სერვისი., როგორც იქნა იმას მივეჩვიეთ, რომ ის, რაც არის მუნიციპალური პარკინგი, იქ აუცილებლად უნდა გადავიხადოთ თანხა, მაგრამ ეს თანხა ძალიან მოკრძალებულია. კომერციული პარკინგი უფრო ძვირი ეღირება. კომერციულ პარკინგს დაედება ფასი მაშინ, როდესაც მძღოლი იძულებული იქნება გაჩერდეს იქ, სადაც არის მხოლოდ მისთვის გამოყოფილი მუნიციპალური პარკინგი ან არის კომერციული პარკინგი. მინახავს, რომ ძალიან ძვირადღირებული ავტომობილის მფლობელები იმის მაგივრად, რომ ჩაიყვანონ მაგალითად, რიყეზე ავტომობილი იქ არსებულ მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეში, ცდილობენ დააყენონ ისეთ ადგილზე, სადაც არც ამკრძალავი ნიშანია და არც პარკინგზეა თანხა გადასახდელი.
სანამ თვალი დაიხუჭება შესაბამისი ორგანოების მხრიდან იმაზე, რომ მანქანა არასწორ ადგილას დგას, იმიტომ, რომ ის გამგეობის თანამშრომლის მანქანაა და სანამ ძალიან მკაცრად არ მოხდება კანონის აღსრულება, მანამდე ასეთ პარკინგს აზრი არ ექნება. ინფრასტრუქტურა და აღსრულება უნდა დაეწიოს ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში, ბიზნესს ვერასოდეს ვერ დავაინტერესებთ ამ თემით და სულ ვიქნებით ამ სიტუაციაში. სულ იქნება პრეტენზია მუნიციპალიტეტთან და არცერთი ქალაქი არ არის ვალდებული, რომ ინერვიულოს და იფიქროს იმაზე, რომელი ოჯახი და ადამიანი რამდენ ავტომობილს იყიდის და შემდეგ ეს ავტომობილები სად უნდა დააყენოს. ასე არ ხდება. ჩვენ უნდა მოვერგოთ ქალაქში არსებულ საპარკინგე წესებს და თვითონ გადავწყვიტოთ, ამ ავტომობილის ყოლა და მოძრაობა ქალაქში გვიღირს თუ არა”-ამბობს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ასმათ აბესაძე.
ცნობისთვის, ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია. 2021 წელს 29 474 საპარკინგე ადგილი იყო.