საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ფართო ფიუზელაჟის (კორპუსის) თვითმფრინავებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაში არის ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „ახალი ასაფრენი ბილიკი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, დაპროექტებული უნდა იყოს E-კოდის საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, ახალი ასაფრენ-დასაფრენი, ასევე, სამართავი ბილიკები Boeing 747-400-ისა და 747-800-ის თვითმფრინავებისთვის უნდა დაპროექტდეს.“

პროექტის სავარაუდო ღირებულება 2,7 მლნ ლარზე (1 მლნ დოლარზე) მეტია.

განაცხადების მიღება 21 ივლისს დასრულდება.