ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. სახლის ადგილას, რომელსაც ძეგლის სტატუსი 2007 წელს მოუხსნეს, მრავალფუნქციური, 18 სართულიანი, კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. ინფორმაციას და ფოტოებს  „მაუწყებელი“ ავრცელებს.

ადელხანოვების სახლს საინტერესო ისტორია აქვს. გრიგოლ ადელხანოვმა ტყავის ქარხანა თბილისში 1875 წელს გახსნა. 1886 წლიდან ქარხანა მექანიზებული იყო და ელექტროენერგიას იყენებდა. 1900 წელს საწარმოში 215 მუშა იყო დასაქმებული. ქარხანა ტყავით ამარაგებდა კავკასიის ჯარებს. ტყავის ნაწილს იყენებდნენ ამავე ქარხნის ფეხსაცმელების წარმოებაში, ხოლო დანარჩენს კავკასიასა და ამიერკავკასიაში ასაღებდნენ.

პარალელურად ადელხანოვმა ფეხსაცმლის წარმოებაც დაიწყო. თბილისის გარდა მისი მაღაზიები და საწყობები იყო პეტერბურგში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში. ადელხანოვს სახელი გაუთქვა თბილისში თექის ფაბრიკამ, რომელიც 1889 წელს თვითონ დააარსა. განსაკუთრებულად დიდი მოგება ქურთუკების წარმოებას მოჰქონდა, რომელიც ციმბირში იყიდებოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქარხანა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში და დაერქვა ვლადიმერ ლენინის სახელობის №1 ქარხანა. 1995 წელს ამ ქარხნის ადგილას დაარსდა სააქციო საზოგადოება „ოქროს საწმისი“.

„მაუწყებელი“ წერს, რომ XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, „ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვის საწარმოთა ბაზაზე იყო შექმნილი, წლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე მანეთის პროდუქციას უშვებდა.

გრიგორი ადელხანოვი 1917 წელს გარდაიცვალა. ორთაჭალაში ოდესღაც მდებარე ცნობილი ფეხსაცმლისა და ტყავის ქარხნები დღეს აღარ არსებობს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი მშენებლობები მიმდინარეობს.