„კურორტ მანგლისში არსებული გამოწვევების მთავარი მიზეზი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის არარსებობაა“, - ამის შესახებ აღნიშნულია „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების“ (სგშ) დოკუმენტში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების გარეშე რთულია, დაბა მანგლისის განვითარება როგორც საკურორტო, ასევე სამშენებლო მიმართულებით.
განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტში საუბარია ადგილზე არსებულ რიგ გამოწვევებზე. მათ შორის, ანგარიშის მიხედვით, ადგილზე პრობლემას წარმოადგენს სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმის არარსებობა, ასევე, მიწების შეუსაბამო რეგისტრაცია და მიწათსარგებლობის გეგმის არარსებობა. გარდა ამისა, ადგილზე არ არსებობს საკურორტო ადგილად განვითარების ხედვა.
ამავე დროს, მანგლისში არ შესწავლილა კურორტის საინვესტიციო ობიექტების და არეალების პოტენციალი. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ადგილზე არ არსებობს სარეკრეაციო და დასასვენებელი სივრცეების განვითარების გეგმა. გარდა ამისა, გაუმიჯნავია სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები.
„არსებული პრობლემებიდან გამომდინარე მოხდება მანგლისის უსისტემო განვითარება, რაც დამსვენებლებისა და ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს შეუშლის. მანგლისს აქვს პოტენციალი ჰქონდეს საკურორტო ფუნქცია, თუმცა არსებული მდგომარეობა აღარ შეესაბამება იმ მოთხოვნებსა და სურვილებს, რაც დამსვენებლებს აქვთ. შესაბამისად, ეს ხელს უშლის გარკვეული ზონებისა და ადგილების განვითარებას. სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების მიზანია უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და შემუშავდეს ისეთი ქალაქგეგმარებით დოკუმენტაცია, რომელიც დაბის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნულია (სგშ) დოკუმენტში.
მანგლისის კურორტად განვითარების ხედვა ორ ნაწილს მოიცავს, განსახორციელებელი ღონისძიებები 2025-2034 წლების ვადაში უნდა განხორციელდეს. ამ ღონისძიებების ნაწილი წარმოადგენს ზოგად ხედვას, ნაწილი კი ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე.
„მანგლისი 2035 წელს იქნება თბილისთან სიახლოვეს ჯანსაღ და სამკურნალო კლიმატურ გარემოში, ხარისხიანი დასვენებისა და ცხოვრების ალტერნატივა. მანგლისის საკურორტო განვითარებას ხელს შეუწყობს ალგეთის ეროვნული პარკი.
დაბა 2035 წლისთვის ინფრასტრუქტურულად და ფუნქციურად გამართული კურორტი იქნება გამორჩეული რეკრეაციულ-ლანდშაფტური მახასიათებლებით. დაბაში ისევ დომინანტი იქნება გესთჰაუსები და აგარაკები, რომლებიც ტურისტებისთვის დარჩენის მთავარ ალტერნატივას წარმოადგენს, თუმცა ასევე გაჩნდება მოზრდილი ზომის სასტუმროები, ჯამურად ნომრების ფონდი 250-ს მიაღწევს. მთლიანობაში, დაბის სასტუმროებსა და გესთჰაუსებში 2035 წელს დაახლოებით 43 000 ტურისტი დაისვენებს. საშუალო დღეს სეზონზე ტურისტების ჯამური რაოდენობა 3 100 ადამიანს მიაღწევს“, - აღნიშნულია მანგლისის განვითარების გეგმაში.
ამავე დროს, დოკუმენტში საუბარია დაბა მანგლისის განაშენიანების საკითზეც. კერძოდ, მანგლისის განვითარების პარალალურად დარეგულირდება მაღალსართულიანი ინტენსიური ნაგებობების მშენებლობა, რაც „მნიშვნელოვნად შეცვლის კერძოს საკუთრებაზე როგორც გასაყიდ, ასევე იჯარის ფასს“.
„ასეთ პირობებში მოხდება სტუმრებისა და ვიზიტორების კატეგორიის ნაწილობრივი ცვლა და ბიუჯეტური სააგარაკე დასახლება ნელ-ნელა იქცევა საშუალოზე მაღალი კლასის კურორტად. ფასთა ზრდა პიკს მიაღწევს მაშინ, როდესაც თითქმის სრულად მოხდება ახალი საცხოვრებელი უბნებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების ათვისება და მთავარ სადეველოპერო ბიზნესად არსებული სახლების რეაბილიტაცია გახდება. ასეთი მიდგომებით საცხოვრებლის ხარისხი გაიზარდა უკვე არსებულ უბნებშიც და 2034 წლისთვის, ფაქტიურად, აღარ დარჩება მოუვლელი/მიტოვებული სახლი მანგლისში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, დოკუმენტი შპს „ურბანიკამ“ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების პირობებში მოამზადა.