სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორს, „მილენიუმ ბილდერს გრუპსა“ და „ერ-ტე-დე“-ს, ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზად სამუშაოების უხარისხოდ, ვადა გადაცილებით შესრულება სახელდებოდა.
მიმდინარე თვის დასაწყისში კი, ორივე კომპანია სააგენტოს "შავ სიაში" მოხვდა. იქამდე, მერმა დააანონსა, რომ მერიამ სააგენტოს მიმართა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გაშვების შემდეგ, 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს „ერ ტე დე“-ს. სხვა არც ერთ მიმდინარე ტენდერში, სადაც პროცესი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, კომპანია ამ დროისთვის მონაწილეობას არ იღებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14.8 მლნ ლარის კონტრაქტით „ერ-ტე-დეს“ კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაუკვეთა. ხელშეკრულებას ხელი 18 იანვარს მოეწერა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კი, იგივე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.
რაც შეეხება მეორე კომპანიას, „მილენიუმ ბილდერს გრუპს“, ის 7 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც 6 სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტილია.
ვრცლად bm.ge