საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სამი დიდი ჰესიდან [ხუდონი, ნენსკრა, ნამოხვანი] ყველაზე რეალისტური ამ ეტაპზე ხუდონის მშენებლობაა.

როგორც BMG-სთან მაია მელიქიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ახალი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საჭიროება შარშანდელმა წელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად იყო გაზრდილი.

თუმცა მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ხუდონთან დაკავშირებით კვლავ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება იქნება.

“პირველი აუცილებლად უნდა იყოს "ხუდონჰესი", ვინაიდან “ნენსკრასჰესს” და “ნამოხვანს” ამ ეტაპზე თავისი გამოწვევები აქვს. “ხუდონის” მშენებლობა გადამწყვეტი იქნება ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისათვის, საუბარია 702 მეგავატზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შარშან ჩვენ ძალიან მძიმე გზა გავიარეთ, ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან შემოვიტანეთ ელექტროენერგია - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან. თუკი აქამდე თურქეთის ბაზარი განიხილებოდა საექსპორტო ბაზრად, ახლა საქართველო განიხილება თურქეთისთვის საექსპორტო ბაზრად, ანუ იმპორტ დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა. 65% ჩვენს კალათაში, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, იყო იმპორტირებული ელექტროენერგია ოთხივე ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან.

დაახლოებით სამიდან ხუთ წლამდე საჭიროება არის იმისა, რომ აშენდეს [ხუდონჰესი], ახალი ტექნოლოგიებით და არა მოძველებული ტექნოლოგიებით. ბუნებრივია, აქ უბრალოდ გამოწვევა ყველაზე დიდი იყო, არის და რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, რასაც უნდა ემსახურებოდეს სწორედაც GREDA-ს მიერ ინიციირებული კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფად დაჩქარებული გზით მიღება”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

bm.ge