ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საწარმოო და სასაწყობო ფართებზე მოთხოვნის მკაფიო ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ზონაში დატვირთულობის მაჩვენებელი 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ინვესტორთა ინტერესის გაძლიერებაზე მიუთითებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ჰუალინგის თიზ-ის ინვესტორებთან ურთიერთობის უფროსმა ნუცა ჟღენტმა განაცხადა, მოთხოვნის ზრდას გლობალური ეკონომიკური და სავაჭრო პროცესები განაპირობებს.

"ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამჟამად ოპერირებს დაახლოებით 40 კომპანია, ძირითადად საწარმოო და სავაჭრო სექტორებიდან. ზონის დატვირთულობის მაჩვენებელი 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნათლად ასახავს ინვესტორთა მზარდ ინტერესს და ზონის საინვესტიციო მიმზიდველობას.

ბოლო პერიოდში საწარმოო და სასაწყობო ფართებზე მოთხოვნის მკაფიო ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2025 წელს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა, მათ შორის აშშ-ის მიერ ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებამ, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მიმართ, მრავალი კომპანია დააყენა ალტერნატიული ლოკაციების მოძიების აუცილებლობის წინაშე. წარმოების ან პროდუქციის აწყობის ნაწილობრივი გადატანა საქართველოში კომპანიებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მაღალი ტარიფების ზემოქმედება, რომელიც გარკვეულ აზიური წარმოშობის პროდუქციაზე ვრცელდება და ამავდროულად, შეესაბამებოდნენ საქონლის წარმოშობის წესებს. ამ კონტექსტში, შედარებით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის მქონე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა შეიძინა. აღნიშნულმა ფაქტორებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰუალინგის თიზ-ის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე.

დამატებით, ზონის მიერ განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა, რომლებიც ფოკუსირებული იყო კონკრეტულ სექტორებსა და ქვეყნებზე, მნიშვნელოვნად გაზარდა მომართვიანობა. ფაქტობრივი შედეგების თვალსაზრისით, 2025 წელს ზონაში განხორციელდა ორი მსხვილი ინვესტიცია ჩინეთიდან, ასევე დაემატა რამდენიმე ახალი კომპანია საწარმოო სექტორში. გარდა ამისა, არა მხოლოდ ახალი კომპანიები, არამედ არსებული კომპანიებიც ვითარდებიან ეტაპობრივად ჰუალინგის თიზ-ის ფარგლებში და ზრდიან წარმოების მასშტაბებს", - აცხადებს ნუცა ჟღენტი. 

მანვე აღნიშნა, რომ ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ბენეფიტები ყველაზე მეტად მორგებულია საწარმოო და სავაჭრო კომპანიებზე, შესაბამისად, ინტერესის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ სექტორებიდან მოდის. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ფიქსირდება მსუბუქ და გადამამუშავებელ წარმოებაში, რომელიც ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული.

"ქუთაისში კომპანიების პორტფოლიო არის საკმაოდ მრავალფეროვანი გეოგრაფიული არეალის თუ საქმიანობის თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ჰუალინგის თიზ-ში ოპერირებს როგორც მწარმოებელი, ასევე სავაჭრო-ლოგისტიკური კომპანიები. უფრო კონკრეტულად, თიზ-ში ხორციელდება სამშენებლო მასალების წარმოება, ხის გადამუშავება, მანქანის ექსტერიერის ნაწილების წარმოება, ასევე განვითარებულია ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების მიმართულება, კოსმეტიკური საშუალებები, საკვები დანამატები და ა.შ.

ძირითადი მოთხოვნა მოდის ჩინეთიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ყოფილი დსთ-ის სივრციდან, რაც განპირობებულია როგორც გეოგრაფიული სიახლოვით, ისე ზონის საგადასახადო და საოპერაციო უპირატესობებით", - აცხადებს ნუცა ჟღენტი.

ცნობისთვის, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა  2015 წლიდან ფუნქციონირებს და მისი საერთო ფართობი 58 ჰექტარს შეადგენს. ზონა მოიცავს როგორც მიწის ნაკვეთებს, ასევე მზა შენობა-ნაგებობებს და სრულად არის უზრუნველყოფილი აუცილებელი საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურით. ჰუალინგის თიზ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს მაღალ მოქნილობას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეარჩიონ საკუთარი პროექტის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და ოპერირების მოდელი.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“