იპოთეკური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეკონომიკური მოვლენა არის, რადგან მას არა მხოლოდ ფინანსური სექტორის, არამედ მთელი საზოგადოების შერყევა შეუძლია. ასეთ დროს მასობრივად იზრდება სესხების გადაუხდელობა, იკლებს უძრავი ქონების ფასები, ხოლო ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები სერიოზულ ზარალს იღებენ. შედეგად, რიგითი მოქალაქეები კარგავენ სახლს, ბიზნესი კი - კაპიტალს, რაც სოციალური კატასტროფის საფრთხეს ქმნის.
ამგვარი კრიზისი, როგორც წესი, იქ ჩნდება, სადაც უძრავი ქონების ბაზარზე ზედმეტად სწრაფი და არარეალური ფასების ზრდა მიმდინარეობს, ხოლო ბანკები დაუფიქრებლად გასცემენ იპოთეკურ სესხებს თითქმის ყველა მსურველზე.
როგორც კი ეკონომიკური პირობები მცირედით იცვლება - მაგალითად, უმუშევრობა იზრდება ან საპროცენტო განაკვეთები მაღლდება - ადამიანები ვეღარ ახერხებენ სესხის მომსახურებას. სწორედ მაშინ იწყება მასობრივი ჩამორთმევები, ფასების ვარდნა და ეკონომიკური კრიზისი.
ყველაზე ცნობილ მაგალითად 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი გვევლინება, რომელიც ამერიკაში დაიწყო. ბანკები მასობრივად გასცემდნენ იპოთეკურ სესხებს დაბალი შემოსავლის მქონე პირებზე. როდესაც მსესხებლების დიდი ნაწილი ვეღარ ასრულებდა ვალდებულებებს, ბაზარზე ჩამორთმეული ბინების უზარმაზარი ნაკადი გამოვიდა. ფასები კატასტროფულად დაეცა, ფინანსური ინსტიტუტები გაკოტრდნენ და კრიზისი მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.
საქართველოში იპოთეკური სესხების სისტემა შედარებით კონსერვატიულია. ბანკები სესხებს მხოლოდ შემოსავლის სტაბილურობისა და გადახდისუნარიანობის საფუძველზე გასცემენ. ეროვნული ბანკი მკაცრად აკონტროლებს საპროცენტო პოლიტიკას და სესხის გაცემის წესებს, რაც ხელს უშლის "ბუშტის" წარმოქმნას. გარდა ამისა, ბინების ფასების ზრდა ბოლო წლებში მეტწილად ბაზრის ბუნებრივ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს უკავშირდება და არა სპეკულაციურ ბუმს.
თეორიულად, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება დადგეს საფრთხის წინაშე, თუ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გამუდმებით აღემატება მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებული რეგულაციები და საბანკო სექტორის სტაბილური პოლიტიკა საფრთხეს ამცირებს.