ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს.
180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების მიმდებარედ არსებული ფასადების შეფუთვა ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ. სამუშაოები მიდის ფარნავაზის ქუჩაზეც, ზოგან შენობები შეფუთულია, თუმცა ადგილზე არავინ დაგხვდა.

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია
კომპანიას რიგ ტერიტორიებზე კონტეინერები ჩაუდგამს, სადაც სასადილო და დასასვენებელი ოთახები მოუწყვია, რიგ ადგილებზე ე.წ. კარავი აქვს გაშლილი, სადაც სამშენებლო მასალებია დალაგებული.

ძველ ბათუმში, რიგ ქუჩებზე დაუსრულებელია ტროტუარებიც. ტროტუარების ნაწილზე კი ნაგვის ურნებია განთავსებული ისე, რომ გავლაში ხელს შეგიშლით.

მიმდინარე სამუშაოები

ადგილზე სამუშაოებს პროექტის მენეჯერი გიორგი უმფრიანი ხელმძღვანელობს, მან გვითხრა, რომ სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ვალდებულებები არ გაჩნდება:
„დასკვნით ეტაპზეა პროექტი, სამუშაოები, რომელიც ახლა დაწყებულია, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. თუ რაიმე დამატებითი შენობები გაჩნდება, ანუ დამატებითი სამუშაოები, არის მაგალითად, მისამართები, რომლებზეც რესტორნების მეპატრონეებმა ითხოვეს ვადის გადაწევა, რომ სეზონი არ ჩავარდეს. ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით მზაობა არის, ასევე მზაობა არის დამკვეთისგან. არ გვინდა, რომ ხელი შეეშალოთ.“
მან გვიპასუხა ასევე აივნებთან დაკავშირებით, საიდანაც „წალი ჩავიდა“ და როგორც ხელოსნებმა გვითხრეს, ამან დამატებითი სამუშაო გააჩინა.
„აივნებზე იზოლაცია არ იყო გაკეთებული, ეს არ იყო საპროექტო დავალება. საჭირო იქნება იზოლაციის გაკეთება, რომ შემდგომში აღმოიფხვრას ეს პრობლემები – ზოგს კერამოგრანიტი დაგებული აქვს, ზოგს არა აქვს და ეს იწვევს წყლის ჩაჟონვას“.

მიმდინარე სამუშაოები


მიმდინარე სამუშაოები
ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა.
ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელს აწერს დავით ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. 2025 წლის ოქტომბერში ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
გახმაურებული დაკავებების შემდეგ „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.
პროექტის ჩაბარებიდან მეორე წელს, რა მდგომარეობაშია გმირთა ხეივნის ინფრაქტრუქტურა, ნახეთ აქ.
ხელშეკრულების მიხედვით 2023 წელს მუნციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა ძველ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ. პროექტს ზედამხედველობას უწევს შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია”.