„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს.

საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი დახნეს საკუთარი სახსრებით და ძვირი დაუჯდათ – საწვავის გაძვირების გამო 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დახვნა 90 ლარი. ხვნა-თესვის სამუშაო, წესით, თვის ბოლომდე გრძელდება და ჯერ რთულია იმის თქმა, რა საყანე ფართობი დარჩა დაუხნავი.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის გაძლიერებასა და გლეხების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული, გაჩერდა, მათ შორის, თხილის სუბსიდია და საყანე ფართობების ხვნა-თესვა. ფერმერებს არავინ განუმარტა, რატომ გაჩერდა მხარდაჭერის პროგრამები.

მეყანეებს გასული 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით უხნავდნენ საყანე ფართობებს. იმის მიუხედავად, რომ სოფლების დაცლის ტენდენცია გრძელდება, ხოლო ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, ან სეზონურად თურქეთში არჩევენ თხილის კრეფას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყანების ხვნა-თესვის დაფინანსებაც გააუქმა.

„მიმდინარე წელს ნიადაგის უფასო დახვნის ცალკე პროგრამის სახით გაგრძელების მიზანშეწონილობა არ არსებობს,“ – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, როცა ხვნა-თესვის დაფინანსების გაუქმებაზე შეკითხვა დავსვით: ხომ არ უკავშირდება დაფინანსების გაჩერება იმას, რომ წელს „ოცნებას“ არჩევნები არ ელოდება?

ქობულეთელი მეყანეები უკმაყოფილონი არიან დაფინანსების გაუქმებით, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ როცა წინა წლებში ბიუჯეტის დაფინანსებით საყანე ფართობები იხვნებოდა, დახნული ფართობების თითქმის ნახევარი აუთვისებელი რჩებოდა.

„თოხის ხელში დაჭერა ვინმეს აღარ უნდა, ყველას ეზარება მუშაობა, მთავრობის რა ბრალია?“ – გვითხრა რამდენიმე მეყანემ. თუმცა რთული არაა იპოვო მეყანე, ვინც გეტყვის, რომ სინამდვილეში პრობლემას თავად ადგილობრივი მთავრობა ქმნიდა: თუ ქობულეთის მერიის წარმომადგენლები სოფლებში ერთმანეთთან შეთანხმებით იმუშავებდნენ და სათანადო ინფორმაციას შეაგროვებდნენ, ზუსტად იმდენი დაიხვნებოდა, რამდენიც საჭირო იყო.

მეყანეები რასაც ჰყვებიან, ეს აჩვენებს იმასაც, რომ არასწორი მენეჯმენტის გამო, პრაქტიკულად, ტყუილად იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული – იხვნებოდა საყანე ფართობები იმ მასშტაბით, რის მოთხოვნაც არ არსებობდა.

„როცა გვესმის, რომ თურმე მეყანეებს მუშაობა ეზარებათ, ეს, რა თქმა უნდა, არაა სწორი. ეს იყო გამგეობის თემა – ინფორმაცია უნდა შეჯერებულიყო და ყველაფერი რიგზე იქნებოდა… დახვნის შემდეგ ყანაში კიდევ ბევრი ხარჯია, მაგალითად, საყანე ფართობის შეღობვა, მეველე, გამარგვლის ხარჯები, სასუქი, ყველას არ უღირს ეს, ან არ აქვს საშუალება…

არ ვიცი, რატომ გააუქმეს დაფინანსება, მაგრამ ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო გაუჭირდება სოფელს. ჩემს ოჯახს სულ ჰქონდა ყანა. წელს პირველად ხდება, როცა არ გვექნება ყანა,“ – გვიყვება დიმა მიქელაძე. მას, მაგალითად, „ტოგონის“ სახელით ცნობილ საყანე ფართობში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, „ტოგონი“ წელს სავარაუდოდ სრულიად დაუხნავი დარჩება.

„როგორც ყველა დილას საუზმე უნდა ნებისმიერ ადამიანს, ისე მინდა მეც ყანა დავთესო, მაგრამ წელს დავრჩი, მგონი, უყანოდ,“ – ამბობს ახმედ მიქელაძე „ბათუმელებთან“. – „საყანე ფართობები თითქმის ცარიელია და მარტო 10 კაცისთვის ხომ არ დაითესება ყანა? დათესვას 1000 მეტრზე სულ ცოტა 80 ლარი მაინც უნდა… “

ახმედ მიქელაძე აღნიშნავს, რომ როცა დაუფინანსებლობის გამო მეყანეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, საერთო ხარჯი უფრო იზრდება, მაგალითად, შეღობვის, მეველის…

„დაგვიანებულია უკვე, მაგრამ 15 დღე კიდევ მაქვს ხელში. 80 კაცი რომ შევიკრიბოთ, იქნებ სადმე დავთესოთ ყანა,“ – ასრულებს თხრობას ახმედ მიქელაძე.

„სახელმწიფო ხნავდა, ფარცხავდა და ხალხი მაინც არ მუშაობდა, გაზარმაცებულია ხალხი… დაიხვნებოდა 30 ჰექტარი და ნახევარს არ იყენებდა ხალხი,“ – „ოცნების“ მთავრობის გაკრიტიკებას გლეხების პასუხისმგებლობის გააქტიურებას ამჯობინებს ომარ რომანაძე. ის ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს.

ომარ რომანაძეს კიდევ ერთ მეყანესთან ერთად დაუხნავს ჯამში 1 ჰექტარი. იგი ამბობს, რომ აჭყვისთავიდან – სადაც 330-მდე ოჯახი ცხოვრობს – დაახლოებით 10-12 ოჯახს ექნება წელს ყანა.

„ეს დაგვიჯდა 900 ლარი. მე თვითონ უნდა გავმარგლო ყანა, მუშას ფიზიკურად ვეღარც კი ნახავ, ყანაში კი არა, თხილის და მანდარინის საკრეფად ვეღარ ვპოულობთ მუშას. ადამიანებს ურჩევნიათ სხვაგან წასვლა, სხვაგან მუშაობა…

ამით რა მოგება მექნება? – არაფერი. ნატურალური, ჩემი ხელით მოყვანილი პროდუქტი მექნება და ესაა. ჩემი ხელის შრომას გამოვრჩები და ესაა. ოჯახისთვის გვინდა ძირითადად, ასევე საქონლისთვის,“ – ამბობს ომარ რომანაძე.

სწორია, როცა დაფინანსება შეგიწყვიტეს არგუმენტით, რომ დახნული ფართობების ნაწილი მთავრობის დაუგეგმავი მუშაობით აუთვისებელი დარჩა? – ვკითხეთ საუბრის ბოლოს მეყანეს.

„ალბათ, ვერ ქნა, არ ქნა, მთავრობამ. არ ვიცი,“ – მოკლე პასუხი არჩია ომარ რომანაძემ.

batumelebi.netgazeti.ge