უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები 2026 წლის პირველ კვარტალს წარმატებულად აფასებენ და ამბობენ, რომ წინა წლის იანვარი - მარტთან შედარებით, ტრანზაქციებში ზრდა შეინიშნება.

როგორ „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ   განუცხადა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, ბინების გაყიდვები შემცირებული იყო, წელს კი - ეს დინამიკა გამოსწორებულია.

„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენას, ჯერჯერობით, ომის დაწყებიდან არც ისე დიდი დროა გასული იმისთვის, რომ კონკრეტული სურათი გამოიკვეთოს. თუმცა, თუ ეს სამხედრო კონფლიქტი გრძელვადიანი აღმოჩნდება, ამას საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული ეფექტი ექნება“, - აღნიშნა ლეო ჩიქავამ.

ბაზრის ექსპერტები ელიან, რომ გრძელვადიან პერიოდში, ომის გახანგრძლივების შემთხვევაში, როგორც თბილისში, ისე ბათუმში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ისრაელიდან ბინებზე მოთხოვნა გაიზრდება.

მეტიც,  Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში უძრავი ქონების მყიდველთა 50-60%-ს სწორედ უცხოელები შეადგენენ და მათ შორის ჭარბობენ რუსეთის, უკრაინისა და სწორედ ისრაელის მოქალაქეები. რაც შეეხება თბილისს, აქ ტრანზაქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი უმნიშვნელოა და ფაქტობრივად, უძრავი ქონების მყიდველების 90% საქართველოს მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, Colliers Georgia-ს მონაცემებითვე, 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში - 10,550 ბინა გაიყიდა, ბათუმში კი - 3,758 ბინა. ტრანზაქციების წლიური ზრდა ორივე ქალაქში, დაახლოებით, 17%-ს უტოლდება.

ტრანზაქციებთან ერთად მზარდია ფასებიც. თუმცა, დარგის ექსპერტების შეფასებით, ბოლო წლებში, დედაქალაქში უძრავი ქონების გაძვირების ტემპი შენელებულია და ყოველწლიურად 10%-ის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ბათუმს, აქ ფასნამატი უფრო მაღალია.

აღნიშნულ ფაქტს ლეო ჩიქავა - Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ორი მიზეზით ხსნის.

„თბილისში მიწოდება გაცილებით მაღალია, ვიდრე მოთხოვნა - კერძოდ, ამჟამად, დედაქალაქში 87 ათასი მშენებარე ბინაა და ზრდა, მაგალითად, 2021 წელთან შედარებით 84%-ია. შესაბამისად, ბაზარი უფრო სტაბილურია და ნაკლებად ხდება ფასების ზრდა. ბათუმში კი, უცხოელი ინვესტორების მხრიდან არსებული ძალიან მაღალი მოთხოვნის გამო, ბინებზე ფასების მატება გაცილებით მასშტაბურია“, - განმარტა ლეო ჩიქავამ.

ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვადრატული მეტრი ბინის საშუალო ღირებულება, სხვადასხვა ტიპის ბინის მიხედვით - 1300-დან 1500 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ბათუმში კი - 1600 დოლარს აღემატება.

bp.ge