ევროკავშირის ქვეყნების მცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობა თავს ჯანმრთელად მიიჩნევს - მათგან თითქმის 70% საკუთარ ჯანმრთელობას კარგ ან ძალიან კარგს უწოდებს. ევროსტატის უახლესი მონაცემებით, ირლანდია ლიდერობს თითქმის 80%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს მალტა 79%-ით, საბერძნეთი 78%-ით, იტალია და რუმინეთი 76%-ით და კვიპროსი 75%-ით. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ლიეტუვასა და ლატვიაში დაფიქსირდა (ორივე 49%) – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 40% საკუთარ ჯანმრთელობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს. ევროსტატი აღნიშნავს, რომ ეს მაღალი მაჩვენებელია იმ თაობისთვის, რომელიც უკვე გავიდა პენსიაზე ან მის ასაკს უახლოვდება.

ამ კატეგორიაში კვლავ ყველაზე ჯანმრთელები არიან ირლანდიელები, ქვეყნის 65 წლის მოსახლეობის 60%-ზე მეტი თავს ჯანმრთელად მიიჩნევს. შემდეგ მოდიან ბელგია და ლუქსემბურგი (თითოეულ ქვეყანაში 57%).

ასაკის გარდა, კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორებიც. უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო მეტად მიიჩნევენ საკუთარ თავს ჯანმრთელად - თითქმის 80% ასე ფიქრობს, ხოლო ევროპელებს შორის, რომლებმაც მხოლოდ საშუალო განათლება მიიღეს, ეს მაჩვენებელი 57%-ია.