საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მცველმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ, რომელიც მედიასთან სატელევიზიო ექსპერტის როლში თანამშრომლობს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მომავალ მატჩზე ისაუბრა – ფრანგმა ვარსკვლავმა მაიკლ ოლისე და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
„მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდია. მიუნხენელებს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, მაგრამ მათგან მაიკლ ოლისეს გამოვარჩევდი, ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, თავდაჯერებული და ძალიან საშიში.
პარიზელთაგან კი ჩემი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა, ის ჰასან სალიჰამიჯიჩს მაგონებს. ხვიჩას მსგავსი გარემარბი გუნდისთვის ნამდვილი ფუფუნებაა, რადგან დაცვაშიც ბევრს მუშაობს, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც მნიშვნელოვან მატჩებში გადამწყვეტ როლს ასრულებს“, – ამბობს ბიქსენტ ლიზარაზუ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე“ მიუნხენის „ბაიერნს“ 28 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.