აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა.
თავიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 200 მილიონი მონეტა გახდება, ხოლო სამი წლის განმავლობაში საერთო მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
მედიის ცნობით, გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ $TRUMP-ის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
მალევე, ტრამპის დაგეგმილი ინაუგურაციის ფონზე, საკუთარი კრიპტოვალუტა პირველმა ლედიმ, მელანიამაც გამოუშვა. დასახელება ტრამპის ვალუტის იდენტურია- $Melania.
გავრცელებული ინფორმაციით, $Melania "სიმბოლო MELANIA-ს მიერ განსხეულებული ღირებულებებისა და ასოცირებული ილუსტრაციების მხარდაჭერისა და მათთან ჩართულობის" საშუალებას წარმოადგენს და "საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, საინვესტიციო კონტრაქტებისთვისა ან ფასიანი ქაღალდებისთვის" არ არის განკუთვნილი. „ე.წ. მიმკოინის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, $Melania Solana-ს ბლოკჩეინს იყენებს.
„კრიპტო ბაზარი“-ს დირექტორი ავთანდილ კუჭავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ $Melania და $TRUMP უფრო მეტად პოლიტიკური აქტია და არა საინვესტიციო პოტენციალის მქონე ვალუტები, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში, ტრამპების ოჯახი "ბიტკოინის" ან რომელიმე სერიოზული კრიპტოს კონკურენტებად მოგვევლინოს.
„ტრამპისა და მელანიას ტოკენებს ბიტკოინის კონკურენტად არც ერთ ვარიანტში არ განვიხილავ, ეს უცაბედი "ჰაიპი" ბევრ ტოკენს ჰქონია, არც ახალია და არც რაღაც განსაკუთრებული. მეორე ნაწილი რაც არის, თავად ტოკენთან დაკავშირებით, მე გრძელვადიან პერსპექტივაში ყიდვას არ ვაპირებ, უბრალოდ საპრეზიდენტო ტოკენია, სხვა არავითარი დანიშნულება არ აქვს, არც ფუნქცია და არც შინაარსი.
რაც შეეხება ფასს, თუ ვინმე ინვესტიციას აპირებს, აქვს სარისკო კალათა და პორტფელი მოწესრიგებულია, ასევე, ფინანსური მენეჯმენტი გაკთებულია და რისკი დათვლილი აქვს, შეუძლიათ იყიდონ. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგებული არ არის, მე თავს შევიკავებდი.
თუ სერიოზულ ინვესტორებზე ვსაუბრობთ, მათ თანხები ამ ვალუტაში არ დაუბანდებიათ. „გემბლინგის“ მოყვარულებს რაც შეეხებათ, ბევრია ასეთი, ვისაც ბიტკოინებში ინვესტირება უყვართ, მაგრამ ეს საბოლოო სურათს არ ცვლის, რადგან ეს ტოკენი უფრო მეტად პოლიტიკური აქტი იყო, ვიდრე რაიმე საინვესტიციო პოტენციალის მქონე კრიპტოვალუტა",- აღნიშნა კუჭავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.