ვენჩურულ ფონდ Future Lab-ის დამფუძნებლის ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, გლობალური ბაზრიდან, კერძო ინვესტორებიდან თანხების მოზიდვა გაართულა. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ქართული ვენჩურული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სირთულეების მიუხედავად, ისინი ახერხებენ ამერიკიდან ფინანსების მოზიდვას და მათ ფონდში დღეისთვის მყოფი 24 სტარტაპის დაფინანსებას.
„თანხების მოძიება საკმაოდ გართულდა და ბევრმა ადამიანმა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით შეაჩერა გადაწყვეტილება, ან არჩევნების შემდეგ ჰქონდა გარკვეული თანხმობა, რომ შემოიტანდა ფულს, თუმცა ესეც შეჩერებულია.
ეს პესიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. სხვათა შორის ახლა აშშ-დან ჩვენს ვენჩურულ ფონდში მოვიზიდეთ თანხები და ეს კარგია, რადგან ადამიანებს ვისაც ეს დარგი ესმით, იციან რომ დღეს ჩადებული ფულით მოგებას მაშინ მიიღებენ, როდესაც ყველაფერი დასტაბილურდება. დიახ, არსებულმა გარემომ იმოქმედა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ახალ წლამდე ჩვენს ვენჩურულ ფონდში ძალიან ბევრმა ჩადო დამატებითი თანხები“, - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.
მისივე ინფორმაციით, Future Lab-ის გუნდი ახალი ვენჩურული ფონდის შექმნაზე მუშაობს, რომელიც უფრო დიდი მასშტაბის იქნება და უფრო მეტ სტარტაპს დააფინანსებს. ახალი ვენჩურული ფონდის დეტალები კი გაზაფხულზე გახდება ცნობილი. „მთავარია იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.
დღეისთვის, ვენჩურული ფონდ Future Lab-ში უკვე 24 სტარტაპია გაერთიანებული. „მათ საერთაშორისო ვენჩურული ფონდებისგან ძალიან კარგი შეფასებები აქვთ. მათი პროდუქტების ამერიკის და გლობალურ ბაზრებზეა გათვლილი და პირველი შემოსავალიც უკვე აქვთ.
თითო სტარტაპი იღებს 10 000 ლარის ინვესტიციას. გვქონდა DEMO დღე, შევხვდით 31 ვენჩურულ ფონდს, გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები სილიკონის ვენჩურულ ფონდებთან და ძალიან პოზიტიური უკუკავშირია.
რაც უფრო მეტი სტარტაპი და მილიარდერი გვეყოლება საქართველოში მით უკეთესი ქვეყნისთვის, სტარატაპებს ამ შედეგის მიღწევა ყველაზე მოკლე პერიოდში შეუძლიათ. ამიტომ მე რჩევის სახით მექნებოდა, როდესაც IT სპეციალისტებს ვესაუბრები, მათ ქვეყნიდან წასვლა უნდათ, ჯობია სტარტაპ მიმართულებით ჩაერთონ, ბევრი ფული იშოვონ და ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალონ.
ჩვენ ამ პროცესში ვრთავთ UC Berkeley, სტენფორდის სპეციალისტებს. დიდი კომუნიკაცია გვაქვს ქართულ დიასპორასთან. ტექნოლოგიების მიმართულებით ქართული დიასპორის განვითარების ძალიან დიდი წვლილი სილიკონის ველზე აქვს ნანა დიხამინჯიას, რომლის მეუღლეც მუშაობს Apple-ში და ეს ჩვენი დიასპორისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, როდესაც ქართველები მუშაობენ Apple-ში, სილიკონ ველიზე, Cisco-ში და ჩვენ მათზე გასვლა გვაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი, უნდა მოხდეს შესაძლებლობების კონსოლიდაცია, რომ ქვეყანაში ეს მიმართულება განვითარდეს“, - აღნიშნა Future Lab-ის დამფუძნებელმა.