ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილა. სხდომაზე საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა.

ნადარეიშვილის განმარტებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს ქმნის. სტატუსის ვადა 1-წლიანი იქნება და ყოველწლიურად განაახლებენ - ჯამურად სტატუსის მოქმედების მაქსიმალური ვადა 10 წელია.

როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანია პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 5-5%-იანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი დაეკისრება, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 10-10%-იანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი.