საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„ვიზიტი სებ-სა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, საგადახდო სისტემები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რისკების მართვის, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
დელეგაციის წევრებს სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე შეხვდა, რომელმაც სებ-სა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ ყაზახი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება ნაყოფიერი იქნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.