საჯარიმოზე ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმოზე გადაყვანილია 3 604 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 492 ერთეულით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება გასული წლის მთლიან მაჩვენებელს, „112“-ის სტატისტიკით, საჯარიმოზე 5 634 ერთეული მსუბუქი ავტომობილი მოხვდა.

„2024 წელს 112-ის საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ იქნა 5634 ერთეული მსუბუქი ავტომობილი და 417 ერთეული გაბარიტული სატრანსპორტო საშუალება.

2025 წლის 1-ლი იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით 112-ის საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ იქნა 3604 ერთეული მსუბუქი ავტომობილი და 215 ერთეული გაბარიტული სატრანსპორტო საშუალება;

შესადარებლად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში (1-ლი იანვარი - 18 ივლისი) „112“-ის სპეციალურად დაცულ სადგომზე გადაყვანილ იქნა 3112 ერთეული მსუბუქი ავტომობილი და 218 ერთეული გაბარიტული სატრანსპორტო საშუალება“, - აღნიშნულია „112“-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ავტომობილი რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხვდეს საჯარიმო ავტოსადგომზე. ეს შეიძლება იყოს როგორც დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, ისე ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, მიმდინარე წლის ივლისში კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას ექვემდებარება მათ შორის თვითნებურად გადაკეტებული ავტომობილებიც.

რაც შეეხება საჯარიმოდან ავტომობილის დახსნის ღირებულებას, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საჯარიმო ავტოსადგომში განუცხადეს, საბოლოო ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, ანგარიშდება როგორც ევაკუატორის მომსახურება,ისე ავტოსადგომზე გაჩერების ხანგრძლივობა.

კერძოდ, ავტომობილის ავტოსადგომზე გადასაყვანად ევაკუატორის მომსახურებისთვის ფიქსირებული 90 ლარია გადასახდელი, რასაც მის მიერ გავლილი კილომეტრების საფასურიც ემატება. ამ შემთხვევაში 1 კმ-ს გავლა - 4 ლარი ჯდება. გარდა ამისა, ფასიანია საჯარიმოზე ავტომობილის დგომაც. 5 დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების შენახვის ტარიფი დღეში 10 ლარია, ხოლო 5 დღის შემდეგ - ყოველდღიურად 5 ლარი იქნება გადასახდელი.

აღნიშნულ თანხას, რა თქმა უნდა, დაემატება კანონდარღვევის მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობაც.

bpn.ge