არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

აღსანიშნია, რომ სასწავლო-სამუშაო სემინარების სერია ბოლო სამი წელია ტარდება ქვეყნის მასშტაბით  და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

შეხვედრების ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარუდგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების  სტანდარტების  გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას  უზრუნველყოფს. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას.

სემინარები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი,  არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს რეგულარულად მართავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას, მის აღჭურვას აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რათა დაცული იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ეთიკური სტანდარტები. ჩვენი მიზანია არასაბანკო სექტორში რისკების შემცირება და ეფექტიანი მართვა, რაც საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და სანდოობის წინაპირობაა“, - განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ბოკუჩავამ.

მსგავსი შეხვედრები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს