აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ დანიის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის სადისკუსიო თემა დიჯიტალიზაცია და გადახდების ახალ სახეობებზე მსჯელობა იყო. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი  ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. გაცვალეს ხედვები კონკრეტულად რა სახეობებია დანერგილი  სხვადასხვა ქვეყანაში და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალმა საგადახდო საშუალებებმა ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებზე.

„დიჯიტალიზაცია არის მომავალი, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში. მაშინ როდესაც ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების როლი საფინანსო სექტორში სწრაფად მზარდია, სექტორის მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქალების როლს ცენტრალური ბანკების მმართველობაში. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალების ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვას და თავად ეროვნულ ბანკში მაღალი მენეჯმენტის ყველა წევრი და საბჭოს უმრავლესობა ქალბატონია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 25 ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო ბანკის, ინგლისის ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის,  გერმანიის გერმანიის ცენტრალური ბანკი,  დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, ირლანდიის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ქალი ბანკირები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკია ავრცელებს