ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტი უდიდეს პრობლემად რჩება - ამის შესახებ სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს.
როგორც წერეთელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მაღალი დატვირთულობის სეზონზე იყო შემთხვევებიც, როდესაც კონკურენტი განთავსების ობიექტები ერთმანეთში პერსონალს მორიგეობით ცვლიდნენ.
კომპანიაში, რომელიც Courtyard by Marriott Batumi-ის მმართველია, აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტის ფონზე, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე სასტუმროების ნაწილმა სხვადასხვა პოზიციებზე ქვეყანაში ლეგალურად მყოფი ინდოელი სტუდენტებიც დაასაქმა.
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ კადრების მიმართულებით სახელმწიფოს კონკრეტული სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
“უმწვავესი პრობლემაა კადრების დეფიციტი. თქვენ ვერ იპოვით საქართველოს მასშტაბით ან სასტუმროს, ან რესტორანს, რომელიც ამას არ დაადასტურებს. უდიდესი პრობლემაა კადრების მიმართულებით და ჩვენც მოგვიწია ისეთი ტიპის თანამშრომლობაც კი კონკურენტებთან, რომ მაღალი დატვირთვის პირობებში, ერთმანეთს ვთხოვდით კადრებს. დღეს იქნებ გამომიგზავნო ერთი თანამშრომელი, ხვალვე მოგაწვდი ვინმეს და აი, ასეთი არაორდინარული სიტუაციის პირობებში ვართ.
ჩართულები არიან მენეჯერები, რომლებიც რიგით პოზიციებზე მუშაობენ, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ვახერხებთ კადრების შერჩევას და შემდეგ დასაქმებას. შეიცვალა ზოგადად თაობის სამსახურისადმი დამოკიდებულებაც, კოვიდის შემდეგ უმეტეს ადამიანებს სურთ ონლაინ რეჟიმში იმუშაონ და არც თუ ისე ხშირად აქვთ სურვილი მომსახურების სფეროში ჩაებან.
ჩვენ დავასაქმეთ საქართველოში მყოფი ინდოელი სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ სამუშაო ნებართვა, ისინი ლეგალურად იმყოფებიან ქვეყნის შიგნით. ამან ცოტა შეღავათი მოგვცა, თუმცა სახელმწიფოს სჭირდება სტრატეგია კადრების მიმართულებით, სხვანაირად ასეთ გამოწვევას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. კიდევ ცოტაც რომ მოიმატოს სტუმრების რაოდენობამ, ფაქტობრივად, თანამშრომლები არ გვეყოფა იმისათვის, რომ ხალხს მოვემსახუროთ და ეს არ ხდება არა მხოლოდ იმ სასტუმროებში, რომელთანაც მე მაქვს შეხება, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივე სიტუაციაა”, - განაცხადა მაია წერეთელმა.